"ეფლის" მმართველი ტიმ კუკი სტივ ჯობსის საქმეს აგრძელებს

2011 წელს გარდაცვლილი სტივ ჯობსის, “ეფლის” დამფუძნებლის საქმის გაგრძელება რთული იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ტიმ კუკმა ამას თავი ისე კარგად გაართვა, რომ მისი მომავალ შემცვლელსაც ბევრის გაკეთება მოუწევს, რომ მას შეედაროს.

აქციების მომავალი ერთის-ოთხად დაყოფა, რაც აქციების ფასზე არ აისახება, მაგრამ ხშირად ინვესტორების ენთუზიაზმს წაახალისებს ხოლმე, კუკის მიერ მართული “ეფლის” წარმატების ერთ-ერთი საზომია. როდესაც კუკმა “ეფლი” ჩაიბარა, მისი ღირებულება 400 მილიარდი დოლარი იყო, დღეს ის ხუთმაგად არის გაზრდილი და “ეფლი” პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე ნახეთ: კომპანია „ეფლის“ დამაარსებელი თანამდებობას ტოვებს

თუმცა კუკისთვის ვითარება ყოველთვის ადვილი არ იყო. მის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის იყო “აიფონების” გაყიდვების შენელება, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხზე საკითხზე, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან დაპირისპირება, ჩინეთთან სავაჭრო ომი, რომელმაც “აიფონის” ფასების გაზრდის საშიშროება შექმნა და ახლა პანდემია, რომელმაც “ეფლის” ბევრი მაღაზია დაკეტა და ეკონომიკა ღრმა რეცესიაში ჩაძირა.

ასევე ნახეთ: განზრახ შენელებული აიფონები - საფრანგეთში ეფლი 25 მილიონით დააჯარიმეს

59 წლის კუკმა სრულიად განსხვავებული ნაბიჯებიც გადადგა. “ეფლი” ახლა კვარტალურ დივიდენდებს იხდის. სტივ ჯობსი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა მისთვის ძველებურ, ყავლგასულ კომპანიებთან ასოცირდებოდა. კუკმა თავისი მნიშვნელოვანი პოზიცია სამოქალაქო უფლებების და განახლებადი ენერგიის ადვოკატირებისთვისაც გამოიყენა. პირად დონეზე კი, 2014 წელს, “ფორჩუნ 500” კომპანიის პირველი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რომელმაც ღიად განაცხადა რომ გეი იყო.

წარმატებებთან ერთად, “ეფლმა” კუკის მმართველობის დროს რამდენჯერმე წაიბორძიკა.

2017 წელს, მომხმარებლებთან ურთიერთობა იმით გააფუჭა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების გზით, შეგნებულად მაგრამ ჩუმად, მოძველებული “აიფონების” მუშაობის სიჩქარეს, თითქოსდა მოძველებული ბატარეების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ამცირებდა. თუმცა ბევრმა მომხმარებელმა ამაში დაინახა “ეფლის” ეშმაკობა, რომ უფრო ახალი და ძვირადღირებული ტელეფონების გაყიდვები გაეზარდა. ამ ამბით გამოწვეული აღშფოთების ფონზე ”ეფლმა” ძველი ბატარეების დიდი ფასდაკლებით გამოცვლა შესთავაზა, მოგვიანებით კი ამ საქმეზე კოლექტიური სარჩელის დასაკმაყოფილებლად 500 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ამასთან ერთად, მთავრობა ატარებდა გამოძიებას “ეფლის” აგრესიულ ძალისხმევაზე, შეემცირებინა კორპორატიული გადასახადები. “ეფლი”ასევე ბოროტად იყენებდა თავის “ეპსთორზე” კონტროლს, რათა გადაჭარბებული საფასური დაეწესებინა და თავის მოწყობილობების პლატფორმაზე კონკურენცია ჩაეხშო. გადასახადების საკითხში, ივლისში სასამართლომ დაადგინა, რომ “ეფლს” წესები არ დაურღვევია.

ასევე ნახეთ: "ეფლი" ბოდიშს იხდის

ოთხი წლის წინ კუკმა “ეპსთორი” მომსახურებების ქვაკუთხედად აქცია. მაშინ უკვე ნათელი ხდებოდა, რომ ”ეფლის” შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო, “აიფონის” გაყიდვები შემცირდებოდა, რადგან ტექნიკური განახლებები სულ უფრო ნაკლებად ხდებოდა და მომხმარებლები საკუთარ ტელეფონებს უფრო ხანგრძლივად იტოვბდნენ.

“ეფლის” მომსახურებების განყოფილების ზომა ოთხ წელიწადში გაორმაგდა და ახლა წელიწადში 50 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს. თავად “ეფლის” მომსახურებების განყოფილების ღირებულება კი დღეს დაახლოებით 750 მილიარდი დოლარია. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც “ფეისბუქი” მთლიანად ღირს.