სტივ ჯობსი ცნობილი ამერიკელი მაგნატი, ინვესტორი და გამომგონებელია. მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგიური პროდუქტების: აი-ფოუნის და აი-ფედის შექმნა სწორედ მის სახელს უკავშირდება.
24 ივლისის პრეს-რელიზში კომპანია „ეფლიმ“ საზოგადოებას მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აუწყა. 56 წლის ნიჭიერი გამომგონებლის და ბიზნესმენის ადგილს ჯობსის რეკომენდაციით ტომ კუკი დაიკავებს.
სტივ ჯობსს პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. 2004 წელს მას სერიოზული ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც სამსახურის დიდი ხნით დატოვება მოუხდა. მაშინ ჯობსმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ღია წერილით მიმართა. წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც კი ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულებას თავს ვეღარ გაართმევდა, ჯობსი თანამდებობას მაშინათვე დათმობდა. ორი წლის წინ ჯობსმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას აქტიური დატვირთვით მუშაობის უფლებას არ აძლევს და ის იძულებული გახდა სამსახური საბოლოოდ დაეტოვებინა.
სტივ ჯობსმა სტივ ვოზნიაკთან ერთად კომპანია „ეფლი“ 1976 წელს დააარსა. მაკინტოშის პირველმა კომპიუტერმა დღის სინათლე დაახლოებით 8 წლის შემდეგ იხილა. ერთი პერიოდი ჯობსი დირექტორთა საბჭომ აიძულა სამსახურიდან წასულიყო. 1997 წელს კი მას ისევ უკან დაბრუნება სთხოვეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კომპანია „ეფლის“ მიერ წარმოებული ინოვაციების საერთაშორისო აღიარება. დღეს სტივ ჯობსის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და მომგებიან ბიზნესად განიხილება.
ჯობსი ძალზე რისკიან ბიზნესმენად ითვლება, ამბობს ექსპერტი ჯონათან ტაპლინი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ის ციფრული ერის ერთ-ერთი მთავარი გამომგონებელია. უნდა აღინიშნოს მისი საუცხოო გემოვნებაც, რომელმაც აი-ფოუნს, აი-ფოდს და აი-ფედს უდიდესი პოპულარობა მოუტანა:
“ძალიან სუფთა და მარტივი დიზაინი აქვთ, რომელიც, რაც მთავარია, ფუნქციონალურობას ინარჩუნებს. თვითონ მუშაობის ფუნქციაც მარტივი უნდა ყოფილიყო, ეს სტივ ჯობსის ხელწერაა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ტექნოლოგიები მომხმარებლისთვის გამოსაყენებლად იოლი უნდა ყოფილიყო.
ჯობსმა სამყარო შეცვალა. გაიხსენეთ, როგორი იყო თუნდაც მუსიკის ბიზნესი: კომპაქტური დისკების საყიდლად მაღაზიებში დავდიოდით. დღეს კი მუსიკალური დისკების მაღაზია თანდათანობით იშვიათობა ხდება და ის ინტერნეტზე ინაცვლებს“- აღნიშნავს სპეციალისტი.
სტივ ჯობსის გავლენა „ეფლიზე“ იმდენად დიდია, რომ მისი კომპანიიდან წასვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისთანავე, „ეფლის“ აქციები 5 პროცენტით დავარდა. როგორი იქნება პოპულარული ტექნოლოგიური გიგანტის მომავალი? პროფესორი ტაპლინი თვლის, რომ სტივ ჯობსმა გამომგონებლების, დიზაინრების და მენეჯერების იმდენად ნიჭიერი გუნდი შექმნა, რომ „ეფლის“ შემდგომ აყვავებას ხელს წესით არაფერი შეუშლის.
სტივ ჯობსმა სტივ ვოზნიაკთან ერთად კომპანია „ეფლი“ 1976 წელს დააარსა.
პოპულარული
1