სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს, 23 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის "ქართული ოცნებისთვის" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე საუბრობს. განცხადების სათაურია: “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. განცხადებას ხელს აწერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოეთის გავლენის“ კანონი, რომელიც ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებმა მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიიღონ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ დაშინების კამპანიის ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანად გამოხატული, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ორივე, როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ისე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“, - ნათქვამია 23 მაისით დათარიღებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: ბლინკენი განცხადებას "ქართული ოცნების" წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებზე აკეთებსგანცხადება ასევე ამბობს: „ამ ქმედებათა პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე - მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის, ან დაშინების კამპანიის გზით“.
ბლინკენის განცხადების მიხედვით, “აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ - შეიძლება აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც”.
შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი საუბრობს იმაზე, რომ დაუყოვნებლივ გადაიხედება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პირობები: „დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”.
განცხადების ბოლოს, მითითებულია იმიგრაციის აქტის კონკრეტული მუხლი (212 (a)(3)(C), რომელზე დაფუძნებითაც სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს. აქტი იძლევა სავიზო შეზღუდვების დაწესების უფლებას “ინდივიდებზე იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი მოქმედი, ან ყოფილი მთავრობის წევრები, თუ არასამთავრობო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის - ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში, ისევე როგორც ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზე“, - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.