შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება და სავარაუდოდ ივნისში, 100 000 გახდება. ამის მიუხედავად, კარანტინის ზომების შემსუბუქებისთანავე, პირველივე უქმეებზე, როცა ხსოვნის დღის გამო, უქმეებს ორშაბათის დასვენებაც დაემატა, ამერიკელებმა მასობრივად სანაპიროებს და პარკებს მიაშურეს.
გასულ კვირაში ამერიკის 11 შტატში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირდა. მათ შორის არიან: მერილენდი, ვირჯინია, ნევადა, ალაბამა, არკანზასი, მინესოტა, მეინი და სხვები. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევების ზრდა. შესაძლო მიზეზებს შორის ასახელებენ ვირუსის სარს-კოვ-2 მეორე ტალღას, შტატებში კარანტინის ზომების შემსუბუქებას და ასევე - ტესტირების გაფართოებას.
თუმცა, ამერიკელების ნაწილი გასულ უქმეებზე აშკარად შეეცადა თავი დაეღწია ყოველდღიური პრობლემების და ცუდი ახალი ამბებისგან. საკარანტინე ზომების შემსუბუქება მეტ-ნაკლებად 50-ვე შტატში ხდება და შესაბამისად, ბევრგან ოკეანის სანაპიროებიც გაიხსნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მერილენდის ქალაქ ოუშენ-სითიში, რომელიც პოპულარულ საზაფხულო კურორტად ითვლება.
სამხრეთის შტატებში ბიზნესების უმეტესობა გაიხსნა. თუმცა, ჩრდილოეთის ზოგ შტატში რესტორნები და სილამაზის სალონები ჯერ ისევ დაკეტილია. მათ შორისაა ნიუ-იორკი და ილინოისი, სადაც ბიზნესების გახსნა შედარებით ნელი ტემპებით ხდება. ორივე შტატში რესტორნებს უფლება აქვთ კლიენტებს გამზადებული ულუფების შინ წაღების შეკვეთებით მოემსახურონ.
კვირას, "ნიუ-იორკ თაიმსის" პირველ გვერდი მთლიანად დაეთმო ახალი კორონავირუსის გამო გარდაცვლილ ადამიანებს. გაზეთმა ათასამდე ადამიანის სახელი, გვარი და მოკლე ამბავი გამოაქვეყნა, რათა მკითხველებისთვის უბრალო ციფრების მიღმა მდგარი, პანდემიის გამო დაკარგული სიცოცხლეები ეჩვენებინა.
"ჩვენ შევეცადეთ მსხვერპლისთვის ადამიანური სახე მიგვეცა" - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" მარკ ლეისიმ, გაზეთის ერთ-ერთმა წამყვანმა რედაქტორმა. "ვცდილობდით ეს განუწყვეტლად მზარდი რიცხვი როგორღაც გაგვეადამიანურებინა... ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს რაოდენობა კი შემზარავია" - თქვა "ნიუ-იორკ თაიმსის" რედაქტორმა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლის ჰეილი ჰერეირაა, თერაპევტი. რომი კოენი 91 წლის იყო. მან გესტაპოს დევნისგან მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა 56 ოჯახი გადაარჩინა. ლილა ფენუიკი 87 წლის იურისტი გახლდათ, პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ჰარვარდის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა...