ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ამერიკული აეროპორტების უსაფრთხოებაში


შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ აეროპორტებში ცვლილებების დანერგვა დაიწყო. ახალი რეგულაციები პანდემიის შემდგომ პერიოდზეა გათვლილი და ვირუსით ინფიცირების რისკების მინიმუმზე დაყვანას ითვალისწინებს.

ფედერალური ორგანოს მიერ შემუშავებული რეგულაციები მცირე დოზით უკვე დაინერგა. თუმცა, ცვლილებების უმეტესი ნაწილის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო ივნისის შუა რიცხვებისკენ მოხდება.

უკვე ძალაშია თვალების, ან მთლიანად სახის პლასტიკური ფარით დაცვის ახალი განაწესი. მათ ტარებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ოფიცრებს ურჩევენ. რუტინული დეზინფექციაც უკვე ხდება, სისტემატურად იწმინდება ზედაპირები, რომელსაც აეროპორტის თანამშრომლები, ან მგზავრები ეხებიან.

დაიწყო მზადდება სოციალური დისტანციის დასაცავად, რაც ასევე პლასტიკური, თხელი, გამჭვირვალე კედლების საშუალებით მოხდება. მგზავრებს უსაფრთხოების შემოწმებით გათვალისწინებული სკანირების წინ, ქამრების, გასაღებების, საფულეების ჩაწყობა სპეციალურ მცირე ზომის ყუთებში აღარ მოუწევთ, არამედ თავისივე სამგზავრო ჩანთაში უნდა გადაალაგონ.

საჭმელი გამჭვირვალე პარკებში უნდა მოთავსდეს და მათი სკანირება ცალკე ისე უნდა მოხდეს, რომ უსაფრთხოების ოფიცრებს მათთან შეხება არ მოუწიოთ. რეისზე რეგისტრაცია მგზავრებმა თავად უნდა გაიარონ და ამობეჭდონ შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი, რომ აეროპორტის თანამშრომლებთანაც შეხება მინიმუმზე დავიდეს.

მგზავრებს დაბეჯითებით ურჩევენ ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცირების რეგულაცია. გამგზავრებამდე მათ მოუწოდებენ წინასწარ დაუკავშირდნენ აეროპორტს, რომლითაც უნდა ისარგებლონ და გადაამოწმონ უსაფრთხოების რეგულაციები, რადგან ისინი შეიძლება ჯერჯერობით სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული იყოს.

სამგზავრო უსაფრთხოების პუნქტებს ამერიკულ აეროპორტებში დღეში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი გადის. მარტში მათი რიცხვი მკვეთრად დაეცა, თუმცა აპრილის ბოლოდან დაწყებული, სტაბილურად მატულობს. დღეს შეერთებული შტატების აეროპორტებში, სამგზავრო უსაფრთხოების პუნქტებს დაახლოებით 230 000 ადამიანი გადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG