აშშ-ში განხორციელებული ტერაქტებიდან 12 წელი გავიდა

ბარაკ ობამა ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ პენტაგონში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ოთხშაბათს, ამერიკელები 2001 წლის 11 სექტემბრის თარიღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ეს არის დღე, როდესაც ნიუ იორკში, ვაშინგტონში და პენსილვანიის შტატში განხორციელებულმა ტერაქტებმა 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პემ დოკინსი იმ ცერემონიების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამერიკის სამივე შტატში გაიმართა.


მუსიკისა და ლოცვის ფონზე, მეგობრები და ახლობლები 11 სექტემბერს გატაცებული თვითმფრინავებით ნიუ იორკის საფინანსო უბანში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე განხორციელებული ტერაქტის დროს გარდაცვლილებს იგონებდნენ. ყოველწლიური ტრადიციისამებრ ისინი შემთხვევის ადგილას შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა მოსახსენიებლად მათი სახელები წარმოთქვეს.


ქრისტი ადამო, ტერენსი ედვარდ ედერლი ჯეი არი, სოფია ბ ედო.


მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან თორმეტი წელი გავიდა, ზოგიერთი მათგანის ემოციური განწყობა მაინც არ განელებულა.


ტერაქტის დროს დაღუპული რიჩარდ ენტონი ასეტოს შვილმა განაცხადა, რომ მამამისი მამაზე უფრო მეტი იყო მისთვის" შენ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყავი და ყველაზე მეტად მიყვარხარ. ჩემს გულში ყოველთვის დარჩები", ასე გამოხატა თავის გულისტკივილი და მონატრება გარდაცვლილი რიჩარდ ენტონის შვილმა.


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტერაქტის დროს დაღუპულებს პატივი ვაშინგტონში მიაგო.


ზარების შემდეგ თეთრი სახლის ეზოში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად თავი დახარეს და მათ ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.


მოგვიანებით პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო პენტაგონში გამართულ ცერემონიაში, სადაც ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ მიწვეული. 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ ლაინერის ჩამოგდებას ამერიკის თავდაცვის უწყებაში ასზე მეტი ადამიანი შეეწირა. გარდაცვლილების ოჯახის წევრებს პრეზიდენტმა განუცხადა, რომ ის მათი მხნეობით აღტაცებულია.


ბარაკ ობამა: იმ მშვიდ გარემოში რომელიც ერთად გავატარეთ, და იმ ისტორიებით რომლებიც თქვენგან მოვისმინე, გაოცებული ვარ . აღტაცებული ვარ იმ ნებით, რომ გაგეგრძელებინათ ცხოვრება, ისევ აღგედგინათ ძალა, გქონოდათ სიყვარულის გრძნობა და კვლავ გაგეცინათ. ვინც დავკარგეთ, და მათი ხსოვნის საპატივცემულოდ მემორიალური ძეგლები აღვმართეთ, არანაკლებ პატივისცემას იმსახურებთ თქვენც, 11 სექტემბერს დაღუპულ თქვენი ოჯახის წევრებს და მათ მემკვიდრეობას ახლა თქვენ წარმოადგენთ.


კიდევ ერთი ცერემონია შნეკსვილში, პენსილვანიის შტატში გაიმართა, სადაც ტერორისტების მიერ მეოთხე, გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ ტერაქტის შედეგად თვითმფრინავის ოცდაცამეტივე მგზავრი და ეკიპაჟის შვიდივე წევრი გარდაიცვალა.


ოთხშაბათს კიდევ ერთი ტერაქტის თარიღი აღინიშნება. ბენღაზიში, ამერიკის საკონსულოზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი წელი გავიდა. თავდასხმის შედეგად ამერიკის ელჩი ლიბიაში ქრისტოფერ სტივენსი და ამერიკის სამი მოქალაქე დაიღუპა.