ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ბოსტონის საკითხზე მოსმენა გაიმართება


რესპუბლიკელები ბოსტონის ტერაქტის გამო ამერიკის საიდუმლო სამსახურების მარცხზე საუბრობენ

ვეტერანი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრაამი ამბობს რომ მისთვის ბოსტონის მარათონის დაბომბვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მორიგი მარცხია. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ჟურნალისტებთან განაცხადა, მას მერე რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით სენატის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს.

ობამას ადმინისტრაცია სენატორმა გრაამმა მძაფრად გააკრიტიკა გასული წლის 11 სექტემბერს ლიბიაში, კერძოდ ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგადაც ლიბიაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკის სამი მოქალაქე დაიღუპა.

ახლაც მან მკვეთრად გააკრიტიკა დემოკრატი პრეზიდენტის ობამას მმართველობა, რადგან როგორც თავად თვლის ამერიკის საიდუმლო სამსახურებმა ბოსტონის მარათონზე განხორციელებული ტერაქტის აღკვეთა ვერ შეძლეს. სენატორი აცხადებს რომ, მას ისევ აქვს კითხვები იმის შესახებ თუ ტამერლან ცარნაევმა და მისმა უმცროსმა ძმამ ჯოხარმა როგორ შეძლეს შემთხვევის ადგილზე ბომბების დამონტაჟება, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა და 264 დაიჭრა, მაშინ როცა ტამერლან ცარნაევი კონტრტერორისტულ სიაში იყო.

ლინდის გრაამი: ეჭვმიტანილი რადიკალი ისლამისტი, ადამიანი ვისგანაც გამაფრთხილებელი გაკვეთილი მივიღეთ, ინტერნეტში ღიად, თვეების განმავლობაში საუბრობდა ამერიკელების მოკვლაზე და რადიკალური ჯიჰადის მოქმედებებზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ამ დროს უშიშროების სამსახურმა ვერ შეძლო შესაბამისი დასკვნა გამოეტანა რომ ამისთვის წერტილი დაესვა. დანარჩენი უკვე არის ის რაც მოხდა. ბენღაზის და ბოსტონის შემთხვევები ცხადყოფს რომ ამერიკულმა საიდუმლო სამსახურებმა მარცხი განიცადა.

გრაამმა ბარაკ ობამა ალ-ყაიდას ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელის, ოსამა ბინ-ლადენის მკვლელობისთვის შეაქო, თუმცა განაცხადა რომ, საჭიროა პრეზიდენტმა გაანალიზოს რომ შეერთებული შტატები რადიკალურ ისლამთან ისევ ომის სტადიაში იმყოფება.

სხვა კანონმდებლებმა შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო და სხვა ამერიკელი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მოქმედება ძმები ცარნაევების სწრაფად დაკავების ფაქტის გამო წარმატებულად შეაფასეს.
სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა დაიან ფეინშტეინმა გამოძიების ფედერალური ბიურო დაიცვა.

დაიან ფეინშტეინი: გამოძიების ფედერალური ბიურო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებენ, მათ უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება.

შეერთებული შტატების ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებით, ჯერ ძალიან ადრეა ბოსტონის ტერაქტის შესახებ მოსმენის გამართვა, რადგან გამოძიების ფედერალურ ბიუროს გამოძიების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, ისინი ისევ ცდილობენ ჯოხარ ცარნაევის დაკითხვას, რომელიც ამჟამად ბოსტონის სავადმყოფოში პატიმრობაში იმყოფება. თუმცა ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებით, წარმომადგენელთა პალატის ორმა საგარეო კომიტეტმა სათაურით „ ისლამისტური ექსტრემიზმი ჩეჩნეთში“ უკვე დანიშნა მოსმენა, რომელიც პარასკევს გაიმართება.
XS
SM
MD
LG