რამდენჯერმე გადავადებული თარიღის, არჩევნების, ჩაშლილი კენჭისყრების, არასაკმარისი ხმების თუ პოლიტიკური დებატებისა და კრიზისების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა 31 იანვრის ღამეს ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკამათო საკითხი შეთანხმებული, გადაწყვეტილი და გარკვეულია.
„გაყრის“ ქაოტური და წინააღმდეგობებით სავსე პროცესის შემდეგი ეტაპიც სავარაუდოდ, არცერთი მხარისთვის არ იქნება უმტკივნეულო. ბევრი საკითხის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია. ბრიუსელის განცხადებით, თუკი ბრიტანეთს ბლოკთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება სურს, მან ევროპის კავშირის სტანდარტების დაცვა უნდა გააგრძელოს, თუმცა ლონდონი ჯერჯერობით, უარზეა.
მხარეებს ჯერ არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა, როგორი იქნება სამომავლო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ეს თითქმის ერთწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში - 2020 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. ამ 11 თვის განმავლობაში ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობა ისევე იფუნქციონირებს, როგორც მანამდე.
რა არის ჯერაც შესათანხმებელი?
როგორც მხარეები ამბობენ, ეს გარდამავალი პერიოდი ორივე მხარისთვის „ამოსასუნთქი პერიოდი“ იქნება იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესათანხმებელი საკითხი სწორედ ვაჭრობაა. „ბრექსიტი“ ნიშნავს, რომ ბრიტანეთი აღარ იქნება იმ ერთიანი და თავისუფალი ბაზრის ნაწილი, სადაც პროდუქტის/საქონლის დამატებითი შემოწმებისა თუ გადასახადის გარეშე გადატანაა შესაძლებელი. თუკი შეთანხმება ამ დროშიც ვერ იქნა მიღწეული, ბრიტანული პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე დამატებითი ტარიფებისა და შემოწმებების საგანი გახდება.
ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როგორი იქნება სამართალდამცავი სისტემა და როგორ წარიმართება მონაცემებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება; ავიაციის სტანდარტები და უსაფრთხოება; წვდომა სათევზაო წყლებზე, გაზისა და ელექტროენერგიის წყაროების საკითხი, მედიკამენტების ლიცენზირება და რეგულაცია.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ გარდამავალი პერიოდი არ გაჭიანურდება, თუმცა ევროკომისიაში ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ ყველაფრის დროულად გადაწყვეტა რთული გამოწვევა იქნება.
„გაყრის შეთანხმება“
ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პირობები ორ მხარეს შორის არსებული ე.წ. „გაყრის შეთანხმებით“ რეგულირდებოდა. ამ პირობების დიდი ნაწილი ტერეზა მეის პრემიერობისას განისაზღვრა. მაგრამ, ჯონსონის გაპრემიერების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და წინააღმდეგობრივი საკითხი მოიხსნა.
თუკი მეის გეგმით, ბრექსიტის შემდეგ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის თავისუფალი მიმოსვლისა და ვაჭრობის შენარჩუნება უნდა მოხერხებულიყო, ახლა ჯონსონის მთავრობის პირობებში, ბრექსიტის ამოქმედების შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის საბაჟო გამშვები პუნქტი შეიქმნება. ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში შემავალი ტვირთი კი შემოწმებისა და ევროკავშირის საიმპორტო ტარიფების საგანი იქნება. მომხრეების აზრით, ეს ბრიტანეთს საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებთან საკუთარი სავაჭრო შეთანხმებები გააფორმოს.
გაყრის სხვა პირობები პრაქტიკულად იგივეა, რაც ტერეზა მეის პრემიერობისას გადაწყდა. უცვლელი იქნება ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები ბრიტანეთში, თუ ბრიტანელთა უფლებები ევროკავშირში. ბრიტანეთმა კი ევროკავშირს დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.