ალბანეთში, ამ წუთებში არსებული ინფორმაცის მიხედვით, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ძლიერმა მიწისძვრამ დედაქალაქ ტირანაში, ქვეყნის დასავლეთში და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებში, გზები და შენობები დაანგრია.
სამაშველო სამუშაოები ალბანეთის ქალაქებში ახლაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.
მიწისძვრა გამთენიისას, დილის 4 საათზე მოხდა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა.
ეს ალბანეთის ბოლო რამდენიმე ათწლეულის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგები ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვა ქვეყნებში და იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც კი იგრძნეს.
ალბანეთში მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში 5.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ბოსნიაში. ეპიცენტრი სარაევოდან სამხრეთით, 75 კილომეტრში მდებარეობდა. ბოსნიაში დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.