ავღანეთის ოფიციალურ პირების ინფორმაციით, პრეზიდენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლის თანახმადაც თალიბანის ათასობით პატიმრის ავღანეთის ციხეებიდან გამოშვების პროცესი დაიწყება. ამ ფონზე, ამერიკის შეიარაღებული ძალები ავღანეთში სამხედრო პერსონალის შემცირებისთვის ემზადება. პატიმრების გამოშვება ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ ავღანეთში, თითქმის, 19 წლიანი ომის დასამთავრებლად.
შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის შეთანხმებას მხარეებმა ხელი 10 დღის წინ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, ამერიკისა და ნატოს ძალებმა ავღანეთი მომავალი 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვონ. თალიბანმა კი თავის მხრივ, კონტრტერორისტული ძალისხმევა უნდა გააძლიეროს და ავღანეთის სხვა ძალებთან პოლიტიკური შერიგების პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა.