ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თალიბანთან შეთანხმებას სავარაუდოდ ამ კვირაში მიაღწევს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ავღანეთში, თალიბანთან შვიდდღიანი ზავი ნარჩუნდება. ტრამპის თქმით, ზავს შესაძლოა მომავალ კვირაში თალიბანთან სამშვიდობო ხელშეკრულება მოჰყვეს.

ზავი ძალაში კვირას შევიდა და მიზნად ძალადობის შეწყვეტას ისახავს.

„მინდა ვნახო როგორ განვითარდება მოვლენები ამ დროის მანძილზე“, - განუცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ზავმა შესაძლოა გზა გაუხსნას ამერიკასა და თალიბანს შორის, ყატარში მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყნიდან შეერთებული შტატების ძალების ეტაპობრივ გაყვანას ითვალისწინებს.

ჯარების სახლში დაბრუნება და ავღანეთის ომის დასრულება, პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მხარეები 18 თვის მანძილზე ცდილობდნენ შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებას.

თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების ხელმოწერიდან 2 კვირაში დაიწყება. პირობების თანახმად, თუ შეთანხმებას ძალადობის და დაპირისპირების შემცირება მოჰყვება, შეერთებული შტატები ქვეყნიდან ჯარებს ეტაპობრივად გაიყვანს.

აშშ-სა და თალიბანის შეთანხმება ამერიკული და კოალიციის ძალების გაყვანის კონკრეტულ განრიგს ითვალისწინებს, თალიბანის მხრიდან გარანტიების და ცენტრალურ მთავრობასთან პოლიტიკური შერიგების პროცესის წარმართვის სანაცვლოდ.

თუ ვაშინგტონი ავღანეთის ცენტრალურ მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებებს წარმატებულად შეაფასებს, ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს შეამცირებს. ამერიკელი სამხედროების მიერ ქვეყნის სრულიად დატოვება თალიბანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG