ბრიტანელები საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ

სანაა, იემენი

ადამიანის უფლებების დამცველმა აქტივისტებმა ბრიტანეთის მთავრობას სასამართლოში უჩივლეს, საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო. მათი თქმით, ამერიკის და ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საუდის არაბეთის ძალები, იემენში, ჰუსიტ ამბოხებულებთან ბრძოლის კვალდაკვალ, მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ.

აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების აღშფოთება სხვა შემთხვევებთან ერთად, ოქტომბერში, იემენში მომხდარმა თავდასხმამ გამოიწვა. 2016 წლის ოქტომბერში, ზუჰაირი და მისი ოჯახი იემენის დედაქალაქში, სანააში შეიხის დასაფლავებას ესწრებოდა, მათთან ერთად ადგილზე დაახლოებით 1000 ადამიანი იყო. სამხედრო ვერტმფრენის მიერ ორი ჭურვის ჩამოგდების შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

„მე ბიძაჩემმა გამიყვანა. დამწვარი ვიყავი, სახე, ხელები და ფეხებიც დამეწვა. შემდეგ სახლში ტაქსით წავედით, ჩემი ტანსაცმელიც დამწვარი იყო“, - ამბობს ზუჰაირი.

ზუჰაირის ოჯახს არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის ემკურნალათ. მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია ორი კვირის განმავლობაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩის" თქმით, ადგილზე აღმოჩენილი ნარჩენები ამტკიცებს, რომ ჭურვები საუდის არაბეთს ეკუთვნის. თუმცა რიადი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

საუდის არაბეთის მიერ წარმოებული სამხედრო ინტერვენციის მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი, ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაა. საუდის არაბეთს ამერიკა და ბრიტანეთი ეხმარება. ჰუსიტი ამბოხებულები იემენის დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ. ოპონენტების თქმით, საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული სამიდან ერთი საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში, მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. მათი თქმით, ამ კამპანიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ლონდონში აქტივისტთა ჯგუფი, რომელიც სამხედრო ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ამბობს, რომ 2015 წლიდან, იემენის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ბრიტანეთმა საუდის არაბეთს 4.1% მილიარდი ღირებულების სამხედრო იარაღი მიჰყიდა. ისინი ბრიტანეთის მთავრობას სასამართლოში უჩივიან.

„გაეროს ექსპერტების თქმით, იემენში, საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ძალების სისტემატურად და ხშირად ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს. თუ ბრიტანეთის ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობას რაიმე ძალა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება“, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი კატ ჰობსი.

ბრიტანეთის თქმით, ისინი ემორჩილებიან კანონმდებლობას იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ და სისტემატიურად ამოწმებენ საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესაბამისობას მასთან. თუმცა ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, კონფლიქტმა სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა.

„10 მილიონ ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება და ნახევარ მილიონ ბავშვს საკვები არ აქვს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ნორმების დარღვევას ორივე მხარეს ჰქონდა ადგილი. თუმცა, საუდის არაბეთი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ბრიტანეთი საუდის არაბეთთან იარაღით ვაჭრობს და კოალიცია, საუდის არაბეთის ლიდერობით, იემენში ბავშვებს კლავს“, - ამბობს გაეროს სააგენტოს, "გადაარჩინე ბავშვების" წარმომადგენელი, ფერგუს დრეიკი.

საუდის არაბეთი უარყოფს, რომ ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები ხდება. ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.