საქართველო ნატოს წევრი გახდება

საქართველო რუსეთის ომის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი შემცირდა. საქართველო ძველებურად არის დაინტერესებული ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში, თუმცა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარი თქვა ალიანსმა, ეს საკითხი ისე აქტიურად აღარ განიხილება. ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ერთხელ თურმე ისიც აღნიშნა, რომ მისდა გასაკვირად, ყოველთვის, როცა ის ნატოს შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საკითხი განიხილებოდა. საქართველოს საკითხებს შეიძლება ითქვას, ისეთი აქტუალობა აღარ აქვს, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის და ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.

ამასთან ერთად, რეგიონში ძალთა გადანაწილებაში ცვლილებები მკვეთრად გამოჩნდა. აქ საუბარი კონკრეტულად რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამოსწორებასა და ორ ქვეყანას შორის უპრეცენდენტო სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაზე მაქვს. ექსპერტების თქმით, რუსეთი თურქეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და თან თურქეთი საკუთარი ენერგო რესურსების 65 პროცენტს სწორედ რუსეთიდან იღებს.

ამ ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას და იმას, თუ რა შეიძლება უშლიდეს ხელს ამ ინტეგრაციის პროცესს, ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩს, ბატონ კურტ ვოკერს ვესაუბრე.

შეკითხვაზე ხედავს თუ არა ის საქართველოს ნატოს წევრად მისი პასუხი დადებითი იყო. თუმცა, ნატოში გაწევრიანებამდე, საქართველომ უამრავი ცვლილება უნდა განახორციელოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც.

„საქართველომ, პირველ რიგში ის უნდა გააკეთოს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებამა გააკეთეს. რაც იმაში მდგომარეობს, რომ გახდეს სამაგალითო მოსწავლე: გამოასწოროს ეკონომიკა, დახვეწოს დემოკრატია, მოიწყოს გამართული პოლიტიკური სისტემა, გახდეს ისეთი ქვეყანა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თბილისისკენ წამოვიდეს სამსახურის მოსაძებნად, ან საზღვარგარეთ გასაფრენად თბილისის აეროპორტით ისარგებლოს. ქართველებმა ის უნდა გააკეთონ, რაც ესტონელებმა გააკეთეს, ანუ დაიცვან უმცირესობათა ინტერესები და შექმნან ჯანსაღი წარმომადგენლობითი პარლამენტი," განაცხადა ბატონმა ვოკერმა.

მისი თქმით, შიდა პოლიტიკური და სოციალ-დემოკრატიული ვითარების გამოსწორება საქართველოს მრავალი კუთხიდან დაეხმარება. თუ აქამდე ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს სკეპტიკურად უყურებდნენ, ამ ცვლილებების განხორცილების შემდეგ სკეპტიციზმი შეიცვლება. რეფორმების განხორციელების "შემდეგ ევროპელებს გაუჭირდებათ უარის თქმა. ისინი იტყვიან, რომ თუ საქართველო ასე გვგავს ჩვენ, რატომ არ უნდა იყო ის ჩვენი ნაწილი," თქვა ყოფილმა ელჩმა.

იმ რეფორმების განხორციელება, რომლებზეც ბატონმა ვოკერმა ისაუბრა, ასევე შეუწყობს ხელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას და განსაკუთრებით კი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას. დღეს რუსეთის ხელისუფლება მოურიდებლად აცხადებს, რომ საქართველო სუსტი, არასტაბილური და ადვილად ფეთქებადი სახელმწიფოა, რომელიც უმცირესობებს ჩაგრავს და ამასთან ჩამოუყალიბებელი და აგრესიულია. ბატონი ვოკერის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რესეთის ამ რიტორიკას საქმით გამოეხმაუროს. ამას პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ისიც ერთვის, რომ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის რუსეთი ისტორიულ პარტნიორს წარმოადგენს:

„ალიანსისი წევრები საქართველოს რუსეთის გადმოსახედიდან ხედავენ და ამბობენ, რომ საქართველო შეიძლება ნატოს წევრი გახდეს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამის წინააღმდეგი არ იქნება. რუსეთი კი ამით, ცხადია, სარგებლობს და საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება," განაცხადა ბატონმა ვოკერმა.

ბატონმა ვოკერმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი ქვეყნების თვალში იმიჯს გამოისწორებს, მაშინ გაცილებით რთული იქნება რუსეთისთვის საქართველოს გაკრიტიკება და ევროპელებსაც მიეცემათ საქართველოს შემოერთების მიზეზი.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გაცივდა დასავლეთი საქართველოს მიმართ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან ერთად არის ის, რომ ხალხი, ცოტა არ იყოს, დაიღალა საქართველოთი.

„ეს დაღლის ფაქტორი საქართველოს გაუწონასწორებლობით არის გამოწვეული. საქართველო არაპროგნოზირებულ ქვეყნად აღიქმება. ამისი გადალახვა მხოლოდ შიდა პოლიტიკის დალაგებით შეიძლება. დასავლეთს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ნელი რეაქცია აქვს, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. ხშირად საქართველოს სხვადასხვა მოვლენებზე, ხმამაღალი, სწრაფი და დრამატული რეაგირება ჰქონია. ევროპელებს ასეთი ქცევის წაქეზება არ სურთ," აცხადებს ბატონი ვოკერი.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, თურქეთს უდიდესი როლი აკისრია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში. მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა საქართველოსა და თურქეთს შორის ახლო სტრატეგიული ურთიერთობა მხოლოდ ახლო მეზობლურ ურთიერთობამდე დაიყვანოს.

ევროკავშირმა თურქეთს რამდენჯერმე უთხრა უარი კავშირში გაწევრიანებაზე. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ თურქეთი ევროგაერთიანების წევრი ვერასოდეს გახდება. ამასთან ერთად, ამერიკამ ერაყში ომი თურქეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიწყო, რამაც ამერიკის რეპუტაცია საგრძნობლად შელახა თურეთში. აი ასეთ გარემოში თურქეთი ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას და სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ეს თავის მხრივ აზერბაიჯანს აღიზიანებს და მას თურქეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე ეჭვით ყურების საშუალებას აძლევს.

ბატონმა ვოკერმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სიტუაციას ამძიმებს ის, რომ: "ევროპელებმა და ამერიკელებმა თურქეთთან ურთიერთობა გაიფუჭეს, და თურქეთი საკუთარ ახალ სტრატეგიულ ადგილს ეძებს. ამასთან ერთად, მუსულმანური ქვეყნების ხელმძღვანელობაში, მათ შორის თურქეთშიც, ისლამურმა რადიკალიზმმა იმატა. ისინი ცდილობენ თვითდამკვიდრებას ახალი დანიშნულებით, ალბათ, სწორედ ამის გამო, ანკარას საგრძნობლად გაუფუჭდა ურთიერთობა თელავივთან და თურქეთის ხელმძღვანელობა, ალბათ, ამის გამო იყო ჩასული სირიასა და ირანში.

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბატონი ვოკერის თქმით, თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. ერთი რამ, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის რომ თურქეთის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილოს. კონკრეტულად კი, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა ევროპასა და თურქეთს და თურქეთსა და რუსეთს შორის. საქართველომ, კი ამ მოვლენების დასრულებამდე, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ბატონი ვოკერის ამ კომენტარს ისევ იმ საკითხამდე მივყავართ, რომ მსოფლიომ უნდა დაინახოს საქართველო, როგორც ჩამოყალიბებული, შემდგარი და სტაბილური ლიბერალურ-ეკონომიკურ პრინციპებზე აშენებული დემოკრატია. ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები უნდა აღდგეს, ეკონომიკა აღმავლობის სტაბილურ გზას უნდა დაადგეს და ძლიერი ინსტიტუტების შექმნით ქვეყანაში კონტროლისა და ბალანსისი გამართული სისტემა უნდა შეიქმნას. ამის გარეშე, საქართველოს ნატოში შესვლის სურვილი, შესაძლებელია კიდევ დიდი ხანი მხოლოდ სურვილად დარჩეს.