ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასარგებლო თუ უსარგებლო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში


სასარგებლო თუ უსარგებლო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
სასარგებლო თუ უსარგებლო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

კომისია თანაბარი წარმომადგენლობით დაკომპლექტდა 7 მმართველი პარტიის, 7 ოპოზიციური პარტიების და 7არასამთავრობო ორგანიზაციების წევრით.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში როგორც ცნობილია 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა 21 წევრიანი სპეციალური კომისია , რომელმაც საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყოს და მუშაობის შედეგები პირველ ივლისამდე საარჩევნო კომისიას გადასცეს. კომისია თანაბარი წარმომადგენლობით დაკომპლექტდა 7 მმართველი პარტიის, 7 ოპოზიციური პარტიების და 7არასამთავრობო ორგანიზაციების წევრით.

საარჩევნო სიის გადამოწმების კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე აცხადებს

"მე მაქვს იმის რწმენაც, სურვილიც, იმედიც, პრეტენზიაც და ამბიციაც, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია ფორმით, შინაარსით, ასევე ნდობის თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო კარგი, ვიდრე გვაქვს დღეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც შინაარსი, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება, ნდობა-არნდობითი დამოკიდებულება საარჩევნო კოდექსის და საარჩევნო გარემოს იმ ნაწილის მიმართ, რასაც ამომრჩეველთა ერთიანი სია ჰქვია."

გასული წლის ბოლო დღეებში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, საარჩევნო კოდექსი მხოლოდ მმართველ პარტიაზეა ორიენტირებული :

"ახალ წლამდე, 28.12. - 29.12. ცვლილებების მთელი კასკადი ჩაატარა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსი ყოფილიყო მხოლოდ მისთვის დაწერილი. ამ საარჩევნო კოდექსით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს იგებს. ამიტომ 9 იანვარს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელახლა დავიწყოთ ბრძოლა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი სასტარტო პირობები ქონდეს არჩევნების წინ.

- პარტიების დაფინანსების საკითხში შემოღებული შეზღუდვები შეზღუდავს ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?

"რა თქმა უნდა შეზღუდავს. ამ საკითხზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები. შეზღუდვა ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კანონი არის დისკრიმინაციული, ფაქტიურად პოლიტიკურ პარტიებს ფულის ლეგალურად მიღების საშუალება არ ექნებათ. ამდენად ეს ცვლილება იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე. მიღებული კანონით, სრული ტერორია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. ამიტომ ბრძოლაა სერიოზული საჭირო. საჭიროა ანტიდემოკრატიული კანონი შევცვალოთ. ვფიქრობ, ამ ბრძოლას აუცილებელად უნდა დაემატოს ქუჩის აქციები, მანიფესტაციები, რათა ჩვენ თვითონ, ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღება არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ მუშტების ქნევა და აქციების გამართვა გვიანი იქნება."

- შეგიძლიათ დაასახელოთ საარჩევნო კოდექსის დადებითი მხარეები?

"არანაირი დადებითი მხარე არ აქვს. საარჩევნო კოდექსი მორგებულია მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე."

ექსპერტ- კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მიღებული ცვლილებები ძირითადად ფასადურ ხასიათს ატარებს. ფუნდამენტური საკითხები ან არ იცვლება, ან ისე იცვლება, რომ უარესდება.ვახტანგ ხმალაძის თქმით, ცვლილებები არ შესულა არც არჩევნებში მედიის მონაწილეობის საკითხში.

XS
SM
MD
LG