ქალაქ ბოსტონის ცენტრში, კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს აბრაამ ლინკოლნის და მის ფეხებთან დაჩოქილი, გათავისუფლებული მონის ქანდაკება. ქვეყანაში რასობრივი უსამართლობის თემის წამოწევის კვალდაკვალ, ქანდაკების ვიზუალური მხარე ზოგიერთების უკმაყოფილებას იწვევდა.
ემანსიპაციის მემორიალი, რომელიც ასევე ცნობილი იყო ემანსიპაციის ჯგუფის და გათავისუფლებული ადამიანის მემორიალის სახელით, მოაცილეს ადგილიდან, სადაც ის 1879 წლიდან იდგა.
ივნისის ბოლოს, საჩივრების და დიზაინის თაობაზე მწვავე კამათის შემდეგ, ქალაქის ოფიციალური პირები ძეგლის მოხსნას დათანხმდნენ. ქალაქის მერმა, მარტი უოლშმა აღიარა, რომ ქანდაკება ქალაქის მცხოვრებთ და სტუმრებს “დისკომფორტს” უქმნიდა.
ბრინჯაოს ქანდაკება იმ მონუმენტის ასლია, რომელიც სამი წლით ადრე ვაშინგტონში აღიმართა. ასლი ბოსტონში იმიტომ დადგეს, რომ ბოსტონი ქანდაკების თეთრკანიანი ავტორის, თომას ბოლის მშობლიური ქალაქი იყო.
ქანდაკება, ამერიკაში დამონებული ხალხის გათავისუფლებას მიეძღვნა და ეფუძნება შავკანიანი არჩერ ალექსანდერის ამბავს, რომელიც მონობას გაექცა, დაეხმარა ჩრდილოეთის ჯარს და იყო ბოლო ადამიანი, რომელიც გაქცეული მონების კანონის შესაბამისად, ხელმეორედ შეიპყრეს.
იმ დროს, როდესაც ზოგიერთები ფიგურაში ხედავენ მამაკაცს, რომელიც ფეხზე დგება და მაჯებიდან დამსხვრეულ ბორკილებს იცილებს, სხვები მას აღიქვამენ როგორც თავის თეთრკანიან გამათავისუფლებელი ლინკოლნის წინ დაჩოქილ კაცს.
ვაშინგტონში დადგმული მონუმენტის საფასური, გათავისუფლებულმა შავკანიანმა დონორებმა გაიღეს. ბოსტონის ასლის საფასური კი, თეთრკანიანმა პოლიტიკოსმა და ცირკის შოუმენმა მოზეს კიმბალმა. ორივე მონუმენტზე ერთნაირი წარწერაა, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება: “რასა გათავისუფლდა და ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა. ლინკოლნმა თავისი საქმე დაასრულა”.
ბოსტონში მონუმენტის შესახებ ფიქრი, სულ მცირე 2018 წლიდან დაიწყეს, როდესაც ქალაქმა დაიწყო იმის ყოვლისმომცველი გადახედვა, თუ საჯარო ქანდაკებები, მონუმენტები და ხელოვნების სხვა ნიმუშები როგორ ასახავდა ქალაქის მრავალფეროვნებას და ფერადკანიანთა თემებს შეურაცხყოფას ხომ არ აყენებდა. სახვითი ხელოვნების კომისიამ განაცხადა, რომ დამატებით ყურადღებას უთმობდა ნამუშევრებს, რომლებსაც “პრობლემური ისტორიები” ჰქონდათ.
გასულ ზაფხულში, დემონსტრანტებმა პირობა დადეს, რომ ვაშინგტონში მონუმენტის ორიგინალს დაამხობდნენ, რის გამოც მონუმენტის დასაცავად ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი განალაგეს.