ორ კვირაზე მეტია, საქართველოს მეზობელ ინგუშეთში ცდილობენ გამოიძიონ ვანდალიზმის ფაქტი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების უმშვენიერეს ძეგლზე - თხაბა/ტყობა ერდიზე მოხდა.
ქართული ვერსიით, ტაძრის სახელწოდება - წმიდა მოციქულ თომას სახელთან არის დაკავშირებული (ერდი - წმიდა, თ(ხ)ობა - თომა). ინგუშური ვერსიით კი ორი ათასი წმინდანის (თხაბა - ოცი ასი, ერდი - წმიდა) სახელთან.
ეს არის უძველესი ქრისტიანული ეკლესია თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელიც ქართველებმა 8-9 საუკუნეში ააგეს და დღემდე ინგუშებისთვისაც დიდი სიწმინდეა. ტაძარი მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში, ჯეირაჰის რაიონში, რომელიც პირიქითა ხევსურეთს ესაზღვრება.
ეს ტერიტორია, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ, 1943-1957 წლებში, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ, საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულში - ახალხევის რაიონის საზღვრებში იყო მოქცეული.
თხაბა ერდიზე ვანდალიზმის შესახებ ცნობილი ნოემბრის ბოლოს გახდა, უცნობმა პირებმა გადმოანგრიეს კედლის ნაწილი, რომელიც ტაძარს გარს აკრავს. როგორც „ამერიკის ხმას“ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ უთხრა, ვანდალიზმი პირდაპირ კავშირში იყო თხაბა ერდის ქართულ წარმოშობასთან.
როცა გიდს ტაძრის შესახებ მოყოლა დაუწყია და უთქვამს, რომ ძეგლი ქართული წარმოშობისაა, ამ ჯგუფში მყოფ რამდენიმე პირს გადმოუნგრევია ტაძრის გარე კედლის ნაწილიმერაბ ჩუხუა, ჩერქეზული კულტურის ცენტრი
„ინგუშეთიდან მაცნობეს, რომ ტყობა ერდიზე მისულა, ამ დრომდე დაუდგენელი ტურისტული ჯგუფი, რუსეთის ფედერაციის სხვა რესპუბლიკიდან, როცა გიდს ტაძრის შესახებ მოყოლა დაუწყია და უთქვამს, რომ ძეგლი ქართული წარმოშობისაა, ამ ჯგუფში მყოფ რამდენიმე პირს გადმოუნგრევია ტაძრის გარე კედლის ნაწილი, რამდენიმე ქვა, მოუტეხიათ ასევე საინფორმაციო დაფაც“ - გვითხრა მერაბ ჩუხუამ.
მისივე თქმით, „ინგუშებისთვის ეს არის წმინდა ადგილი, ეს არის ინგუშური კულტურის აკვანი, თხაბა ერდის გარდა, ამ ტერიტორიაზეა ცნობილი ინგუშური კოშკები, ერზის ნაკრძალი, ჯეირაჰ-ასინის ღია მუზეუმ-ნაკრძალი, შესაბამისად, მაშინვე დაიწყო გამოძიება, დახმარებისთვის მიმართეს ახლო სოფლების მცხოვრებლებს.“
„თხაბა ერდის ის დაზიანებული გარე კედელი ინგუშებმა მაშინვე აღადგინეს. გამოძიება გაიწელა ალბათ, იმიტომ, რომ ეს დაუსახლებელი ტერიტორიაა, გარშემო ნასოფლარებია, თან სასაზღვრო ზონაა. იმედია ამ ვანდალიზმის ჩამდენებს იპოვნიან და დასჯიან“ - ამბობს მერაბ ჩუხუა, რომელიც 90-იან წლებში ინგუშეთში ცხოვრობდა და პედაგოგად მუშაობდა.
Your browser doesn’t support HTML5
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნიკალური ქართული ტაძარი, რომელსაც რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიზანმიმართულად ზიანდება.
გასული საუკუნის, 90-იანი წლების ბოლოდან, ჩეჩნეთის მეორე ომის აქტიური ფაზის დასრულების დროს, ასას ხეობაში, რუსეთის 58-ე არმია იყო დისლოცირებული. 1998-99 წლებში, რუსებმა ეს ხეობა რამდენჯერმე დაბომბეს, „ბოევიკების“ განადგურების საბაბით. რუსმა ჯარისკაცებმა გათხარეს და შეურაცხყვეს რამდენიმე სამარხიც. 2001 წლის ზაფხულში კი მათ წაბილწეს და ძლიერ დააზიანეს თხაბა ერდის ქართული ტაძრის სახურავი და კედელი.
2001 წელს, ინგუშეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეურაცხყოფილი და შოკირებულია იმით, რომ რუსმა ჯარისკაცებმა, თხაბა ერდის ქრისტიანულ ტაძარში, ჯერ ტუალეტი (!!!) მოაწყვეს, შემდეგ სახურავი მოხსნეს და ტაძრიდან საკულტო ქვები გაზიდეს.
ძეგლის მიმდებარე ტერიტორია წვრთნების დროს, რუსებმა საბრძოლო ვერტმფრენიდან დაბომბეს, გაანადგურეს უძველესი საძვალე, ძლიერ დააზიანეს რამდენიმე უნიკალური ინგუშური კოშკი და თხაბას ტაძრის კედელიც, ძეგლს მოხსნეს სახურავი. ტაძრიდან და კოშკებიდან წაიღეს საკულტო ქვები, თეთრად გადაღებეს და ახლოს მთაზე, წარწერა დატოვეს - „ვინ თუ არა ჩვენ!“ და „ჩვენ ვმსახურობდით და კიდევ ვიმსახურებთ კავკასიაში!“ ამ ამბავს საერთაშორისო პრესაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
ნიშანდობლივია, რომ ინგუშებმა მაშინ, ისევე როგორც ადრე, დახმარება თხაბა-ერდის ტაძრის აღდგენაში საქართველოს სთხოვეს. თბილისმა დაუყოვნებლივ მიმართა იუნესკოს, ასევე რუსეთის კულტურის სამინისტროს.
მოსკოვი თავდაპირველად დათანხმდა, რომ ტყობა-ერდი ქართველ მეცნიერებს მოენახულებინათ, რესტავრაციის პროექტის შედგენის მიზნით, თუმცა მალევე, ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, უკვე გაცემული რუსეთის ვიზები გააუქმა.
ტყობა-ერდი რუსებმა "საკუთარი ძალებით აღადგინეს", თუმცა 58-ე რუსული არმიის სამხედრო პოლიგონი ასას ხეობაში, თითქმის, 2008 წლამდე დარჩა, რამაც როგორც ქართული ტაძრები, ისე ინგუშური უნიკალური კოშკები ისევ დააზიანა.
პარალელურად, რუსული როგორც საერო, ისე საეკლესიო ისტორიოგრაფია ხმალამოღებით იბრძოდა და ახლაც იბრძვის ტყობა-ერდის ქართული წარმოშობის წინააღმდეგ და ამ დრომდე სამ ვერსიას ავითარებს: „დაუდგენელი წარმოშობის“, „სომხური“ და „ალანური“.
ჩრდილო კავკასიური შუასაუკუნეების არქიტექტურის ერთ-ერთი ცნობილი რუსი ექსპერტი, პროფესორი პიშჩულინა ტაძრის „სომხურ“ წარმოშობას "ემხრობა". რუსეთის Православная энциклопедия-ში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს კურთხევით დაიბეჭდა, მითითებულია, რომ თითქოს ტყობა ერდი „ოსურ-ალანური“ ტაძარია;
ტყობა ერდის „ალანური“ „წარმოშობის“ „განსამტკიცებლად“ რუსეთის პატრიარქის კირილეს კურთხევით, ტაძარი 2011 წელს, მოინახულა რუსეთის ეკლესიის, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის არქიმანდრიტმა ზოსიმამ.
2012 წელს კი ინგუშეთში მდებარე ქართულ ტაძარში, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, პირველი ღვთისმსახურება ალანიის ეპარქიის მღვდელმა სავა გაგლოევმა ჩაატარა. ამ ცერემონიას სპეციალური სტუმრის სტატუსით მარია რომანოვაც დაესწრო, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს.
„იმ ფაქტის უარყოფა, რომ ტყობა ერდი ქართული წარმოშობის ტაძარია, დღეს წარმოუდგენელია, ისტორიის ასე გაყალბება შეუძლებელი“ - გვითხრა ცნობილმა არქეოლოგმა და კავკასიოლოგმა გივი ღამბაშიძემ, რომელიც ტყობა ერდის არქეოლოგიურ გათხრებს 1968 -1971 წლებში ედგა სათავეში; ტაძრის რესტავრაციას მაშინ არქიტექტორ-რესტავრატორი ლევან ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„იმ ფაქტის უარყოფა, რომ ტყობა ერდი ქართული წარმოშობის ტაძარია, დღეს წარმოუდგენელია, ისტორიის ასე გაყალბება შეუძლებელია. არასოდეს დამავიწყდება პირველი ემოცია, როცა ტყობა ერდი პირველად ვნახე, ჩამოქცეული, ჩამონგრეული, საშინელი ემოცია იყოგივი ღამბაშიძე
„არასოდეს დამავიწყდება პირველი ემოცია, როცა ტყობა ერდი პირველად ვნახე, ჩამოქცეული, ჩამონგრეული, საშინელი ემოცია იყო“ - ამბობს გივი ღამბაშიძე.
მისივე თქმით, „ძალიან დიდი წვლილი, რომ საბჭოთა პერიოდში ამ ტაძრის აღდგენა დადებითად გადაწყდა, მიუძღვის ჩემს ძმადნაფიცს ინგუშეთის კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის მაშინდელ უფროსს მაჰომედ ოზიევს. იგი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს კულტურის მაშინდელ მინისტრს ოთარ თაქთაქიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ თუ გინდათ დაგიჩოქებთ, ოღონდ ეს უნიკალური ტაძარი აღადგინეთო“ - იხსენებს გივი ღამბაშიძე.
მანამდე, ტყობა ერდით არაერთი დიდი მეცნიერი და მკვლევარი იყო დაინტერესებული, იქნებოდა ეს მორიც ფონ ენგელჰარდტი, დიმიტრი ბაქრაძე, ვსევოლდ მილერი, ევგენი კრუპნოვი თუ გიორგი ჩუბინაშვილი.
სწორედ ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა ჩუბინაშვილმა განსაზღვრა, რომ ტყობა ერდი, თავის დროზე იყო სამეკლესიანი ბაზილიკა, რაც მხოლოდ ქართული საეკლესიო ხუროთმძღვრების ფენომენია.
„აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ეს განსაზღვრება, დავადასტურეთ არქეოლოგიური გათხრებით, რომ ეს ნადვილად სამეკლესიანი ბაზილიკაა. მანამდე ევგენი კრუპნოვმა, რომელიც ძალიან ცნობილი არქეოლოგი და კავკასიოლოგი იყო, ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კავკასიის არქეოლოგიურ ექსპედიციას, ასევე ცალსახად თქვა, რომ ტყობა ერდი ქართული წარმოშობისაა“ - გვიყვება გივი ღამბაშიძე.
„აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის განსაზღვრება, დავადასტურეთ არქეოლოგიური გათხრებით, რომ ეს ნადვილად ქართული სამეკლესიანი ბაზილიკაა. მანამდე ევგენი კრუპნოვმა, რომელიც ძალიან ცნობილი არქეოლოგი და კავკასიოლოგი იყო, ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კავკასიის არქეოლოგიურ ექსპედიციას, ასევე ცალსახად თქვა, რომ ტყობა ერდი ქართული წარმოშობისაა“
მეცნიერები ტყობა ერდის მშენებლობის სამ მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფენ - ყველაზე ძველი ეკლესიის საკუთხევლის საძირკველი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება; X-XI საუკუნეებში ძეგლის ხელახალ აშენებაზე, იმდროინდელი უმნიშვნელოვანესი ძველქართული ეპიგრაფიკული მასალა, ასომთავრული წარწერები მეტყველებს (1.,,ქრისტე ადიდე აღმოსავლეთისა პატრიარქი მელქისედეკ, ამინ“, 2.,,მოიხსენე სული გიორგი ეპისკოპოსისა”, 3.,,სახელითა ღმრთისაითა შემიწყალე”; 4.,,სახელითა წმიდა გიორგისითა, მე, გიორგი ეპისკოპოსმან”, 5. ,,ქრისტე შეიწყალე მრღვფი”, 6.,,ქრისტე შეუნდვენ არსენს, მ“), ასევე, ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ნიშნებიც; უკვე XV-XVI საუკუნეებში კი ძეგლზე უკვე ინგუშური არქიტექტორული ტრადიციები ჩნდება და ტაძარი მნიშვნელოვნად იცვლება.
„ეს არის ჩვენი, ქართველების და ინგუშების, საერთო კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მოყოლებული იმ დროიდან, როცა ინგუშების წინაპრები - ძურძუკნი და ღლიღვნი, ქართული სახელმწიფოებრივი, კულტურული, რელიგიური და ენობრივი სივრცის განუყოფელი ნაწილი იყვნენ“ - ამბობს გივი ღამბაშიძე.
მეცნიერის თქმით, „წარმოიდგინეთ, ტყობა ერდის ტაძარზე მოხსენიებულია, მელქისედექ პირველი, რომელიც პირველი ატარებდა ტიტულს - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. და, შემდეგ საუკუნეებშიც კი, როცა ეს საერთო ქართული და კონფესიური სივრცე მოირღვა და ინგუშეთში ისლამი გავრცელდა, ტყობა ერდს მათთვის მნიშვნელობა არ დაუკარგავს. მე-19 საუკუნის ბოლოს, დადასტურებულად ცნობილია, რომ ტყობა ერდში იკრიბებოდა ყველა ინგუშური გვარი, Мехк Кхел-ზე ანუ უხუცესთა უმაღლესი საბჭოზე და სწორედ აქ ბჭობდნენ ინგუში ერის საჭიროებებზე!“
„იმხელა მოწიწება და პატივისცემა ჰქონდათ ინგუშებს ამ ტაძრის და სწორედ ამ სიყვარულმა გადაარჩინა ტყობა-ერდი. ამიტომ ვინც დღეს, ტყობა ერდის, ჩვენი საერთო კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ გამოდის, ის ილაშქრებს ქართულ-ინგუშური ურთიერთობების და კავკასიური ერთობის წინააღმდეგ, ეს უნდა გვესმოდეს კარგად და ამ ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი დიდი ემოცია მქონია, მაგრამ ტყობა ერდზე მუშაობა ერთ-ერთი განსაკუთრებული ემოცია იყო“ - ამბობს არქეოლოგი და კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე.
სამწუხაროდ, 1968-71 წლებში, ტყობა ერდიზე აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალის ნაწილი, რომელიც გროზნოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახებოდა, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსების მასიური საავიაციო დაბომბვის დროს განადგურდა და დაიკარგა. ექვსი ბარელიეფი კი, რომელიც შესასწავლად საქართველოში ჩამოიტანეს და 40 წლის მანძილზე, თელავის მუზუმის ექსპოზიციის ნაწილი იყო, ინგუშებს უკან 2011 წელს დაუბრუნდათ.
ეს არის ჩვენი, ქართველების და ინგუშების, საერთო კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მოყოლებული იმ დროიდან, როცა ინგუშების წინაპრები - ძურძუკნი და ღლიღვნი, ქართული სახელმწიფოებრივი, კულტურული, რელიგიური და ენობრივი სივრცის განუყოფელი ნაწილი იყვნენგივი ღამბაშიძე, არქეოლოგი, კავკასიოლოგი
ტყობა ერდის ტკივილი ამით არ დასრულებულა. 2020 წლის სექტემბერში, რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ მოულოდნელად, ქვეყნის ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი აუქციონზე გაიტანა! ტყობა ერდის, 10 წლიანი იჯარის უფლების მოპოვება სულ რაღაც - მილიონ 180 ათასს რუბლად ანუ დაახლოებით 50 000 ლარად იყო შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებამ ინგუშეთში სკანდალი გამოიწვია და ინგუშეთის მთავრობამ ეს აუქციონი გააუქმა.
2021 წლის მაისის ბოლოს, ტაძარი კიდევ ერთხელ დაზიანდა. საქართველოს ტერიტორიაზე, უკანაფშავში, სოფელ შუაფხოსთან მომხდარმა 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ასას ხეობაში ტყობა ერდიზე ბზარები კიდევ უფრო გაზარდა.
იმის გამო, რომ ტაძრის ჩამონგრევის საშიშროება გაჩნდა, 5 ივნისიდან, ტყობა-ერდი მნახველებისთვის დაიკეტა. თუმცა, ნოემბრის ბოლოს იქ მაინც მოხდა ვანდალიზმის ფაქტი, რა დროსაც, დაუდგენელმა პირებმა ტაძრის გარე კედლის ნაწილი გადმოანგრიეს და მიიმალნენ.
ამჟამად, ინგუშეთში, რუსეთის კულტურის სამინისტროს პასუხს ელოდებიან, როდის მოხდება, უძველესი ქრისტიანული ტაძრის მასშტაბური რეკონსტუქციის დაფინანსება. ტყობა ერდის გარდა, ინგუშეთში შველას კიდევ რამდენიმე ქართული წარმომავლობის ძეგლი თუ ნაეკლესიარი ელის: მაღი ერდი, გალ ერდი, დელიტე, ალბი ერდი და თარგემი.