ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად უნდა ვეძებოთ თამარ მეფის საფლავი?


ინგუშური გადმოცემის მიხედვით, აქ, ტყობა-ერდის ქართული ეკლესიის მიდამოებში, საქართველოს დიდი მეფე თამარია დამარხული
ინგუშური გადმოცემის მიხედვით, აქ, ტყობა-ერდის ქართული ეკლესიის მიდამოებში, საქართველოს დიდი მეფე თამარია დამარხული

ვისი სამარხია ტყობა-ერდის მიდამოებში? რატომ არ სჯერათ ქართველ მეცნიერებს ინგუშების აღმოჩენის

ქართველი მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა სკეპტიციზმით შეხვდა, მეზობელი ინგუშეთიდან გავრცელებულ სენსაციურ ცნობას, საქართველოს ლეგენდარული მეფის - თამარის (1160-1213) საფლავის, შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით.

ინგუში არქეოლოგების ცნობით, ინგუშეთის მთიანეთში, ჯეირაჰის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია - მასიური ქვები, ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ინგუში მეცნიერების აზრით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული.

რატომ მაინც და მაინც თამარ მეფის საფლავი? უძველესი ინგუშური გადმოცემის თანახმად, მეფეთ მეფე თამარი სწორედ მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული. ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებული, მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნის ქართული ეკლესიის - ტყობა-ერდის მიდამოებში. გამოქვაბულიც სწორედ აქ აღმოჩნდა.

ჩეჩენმა ფოტოჟურნალისტმა მუსა საიდულაევმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ გამოქვაბული უკვე მოინახულა ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულამდე მიღწევა მხოლოდ ალპინისტური მოწყობილობის გამოყენებით შეიძლება, ეკლესიასა და გამოქვაბულს, მთელ პერიმეტრზე „შავი არქეოლოგებისგან“ გაძლიერებული დაცვა იცავს.

არქეოლოგი და კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე, რომელიც 1968-72 წლებში, ტყობა-ერდის რესტავრაციასა და არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, კერძოდ ამბობს:

„იმერკავკასიონის სივრცე, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით - ბაგრატ მესამის ეპოქიდან, მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ვიდრე თემურ ლენგის შემოსევებამდე, (ძურძუკეთი უფრო მერეც) იყო - საქართველოს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ და კონფესიურ სივრცეში. შესაბამისად, ასეთი თქმულებების არსებობა ინგუშეთში გასაკვირი არ უნდა იყოს.

ამავე დროს, ჩვენ რასაკვირველია გვახსოვს და ვიცით, რომ თამარ მეფის ორი ისტორიკოსი და ლაშა-გიორგის ისტორიკოსი ანუ მესამე წყაროც მიუთითებს, რომ როდესაც, ჩვენი დიდი მეფე, თამარი გარდაიცვალა, იგი დასაფლავდა, წინაპართა საძვლეში ანუ გელათში.“ - მიაჩნია გივი ღამბაშიძეს.

პირველი წყარო, რომელიც თამარ მეფის გელათში დაკრძალვას ადასტურებს, ისტორიული თხზულება „ისტორიანი აზმანი შარავანდედთანია“ (1195-1295), სადაც უცნობი ავტორი წერს, რომ თამარის ცხედარი წაიღეს „სამკვიდრებელსა მასსა გელათს და დამარხეს სამარხავსა პატიოსანსა“.

მეორე წყაროში, ბასილი ეზოსმოძღვარის „ცხოვრება მეფეთმეფე თამარისა“-ში (12-13 საუკუნეები) წერია, რომ ცხედარი მცირეთა შინათ დღეთა მცხეთად დადვეს და მერე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისთა შინა სამარხოს.“

თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძის, საქართველოს მეფე ლაშა გიორგის მემატიანეც ასევე ამბობს, რომ თამარი გარდაიცვალა "თვესა იანვარს 12-სა, დღესა ოთხშაბათსა, დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა".

ამავე დროს, არსებობს ფრანგი ჯვაროსანი რაინდის დე ბუას წერილი, რომელიც მან, სავარაუდოდ, 1222 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის არქიეპისკოპოსს - ამადე დე ტრემლეს მისწერა. წერილში, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში 1893 წელს აღმოაჩინეს, საუბარია, რომ „გეორგენების“ 16 წლის მეფეს, დედამისის თამარის ძვლები იერუსალიმში მიაქვს.

ვინაიდან მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, მისი ძვლები იერუსალიმში წაეღოთ და უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალათ. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად - წერს რაინდი დე ბუა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ პოლიტიკური არეულობის გამო, მეფე ლაშა-გიორგიმ (1192-1223) იერუსალიმს ვერ ჩაარწია და თამარი კუნძულ კვიპროსზე, ქართველების მიერვე აშენებულ ღალიის მონასტერში დაკრძალა, თუმცა რამდენიმე წლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ვერც ეს ვერსია გაამყარა.

ამავე დროს, არსებობს თამარის ასულის რუსუდანის (1194-1245), წერილი, რომის პაპის ჰონორიუს მესამისადმი, (სავარაუდოდ, 1222-23 წლის) სადაც რუსუდანი წერს, რომ ვატიკანის თხოვნის მიუხედავად, მისი ძმა, მეფე ლაშა გიორგი ვერ წავიდა დუმიატში (ეგვიპტე) ქრისტიანი ჯვაროსნების დასახმარებლად.

წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში“ - რუსუდანის ეს წერილი კი ეჭვქვეშ აყენებს დე ბუას წერილს, რომ ლაშა გიორგი ნამდვილად გაემგზავრა იერუსალიმისკენ და თან დედის ძვლები წაიღო.

ნიშანდობლივია, რომ 1920 წლის ივლისში, ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა, გელათის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენის ტერიტორია გათხარა, რომელსაც „თამარ მეფის ევკდარსაც“ უწოდებენ.

საფლავში აღმოჩნდა ორი მამაკაცის, ერთი ბავშვის და ერთი ქალის ცხედრის ნაშთი, რომელიც სავარაუდოდ, იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის (1703-1752) მეუღლის - მარიამ დადიანის უნდა იყოს.

ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 1730 წელს, როცა იმერეთის მეფემ ალექსანდრე მეხუთემ „თამარის ევკდარში“ მისი მეუღლე დაასვენა, იქ თამარ მეფის ნეშტი აღარ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთ იმდროინდელ გელათურ სიგელში ვკითხულობთ: „იყვნენ მუნ გელათსა კერძო მარჯვენით ეგვტერი დავიწყებული ჟამთა ვითარებისგან არავინ უწყოდა, თუ ვისი საძვლე ყოფილიყოო.“

მეცნიერთა მეორე ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ალექსანდრე მეხუთეს თამარ მეფის საძვალე უბრალოდ მიეთვისებინა, მაგრამ სად წავიდა მაშინ თამარის ნეშტი? რატომ ვერ მიაგნოს მას 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა? ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ამბობს:

„ჩვენ გვაქვს მყარი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, მე-13 საუკუნის 70-იან წლებში, თამარის საფლავს გელათში ჰყავს თავისი მწირველი. ასე, რომ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამარი გელათში დასაფლავდა, შემდგომში, შესაძლოა იგი გადაასვენეს, მაგრამ ის რომ ეს მოხდებოდა ინგუშეთში და, თან, გვიან შუა საუკუნეებში, ეს ვერსია რეალობას მოკლებულია.“ - დარწმუნებულია ისტორიკოსი სამუშია.

ქართველ მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ თამარ მეფე, როგორც საქართველოს ოქროს ხანის და იმდროინდელი მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი, ყველა ღირსებითა და პატივით, ნამდვილად, ქართველ მეფეთა საძვალეში - გელათში დაკრძალეს.

1510 წლის 23 ნოემბრამდე კი სანამ თურქები, სულთან სელიმ პირველი იავუზის სარდლობით, ქუთაისთან ერთად, გელათის მონასტერსაც გადაწვავდნენ, როგორც თამარის, ისე დავით აღმაშენებლის და სხვა ქართველ მეფეთა ძვლები გადასვენებული იქნა უფრო უსაფრთხო ადგილას, თუმცა, სად, ეს დღემდე გამოცანად და საიდუმლოდ რჩება.

კულტურის მინისტრი გურამ ოდიაშარია ამბობს, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, არ არის გამორიცხული ქართველი მეცნიერები ინგუშეთში მაინც გაემგზავრონ და ტყობა ერდის სიახლოევეს აღმოჩენილი სამარხი შეისწავლონ.

XS
SM
MD
LG