„ოცნება“ იგებს, მაგრამ ნელ-ნელა გავლენას კარგავს

მმართველი პარტიის ლიდერი ივანიშვილი ხმის მიცემის დროს

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები მოიგო, თუმცა არც ისე „ტრიუმფალურად“, როგორც ეს გამარჯვება მმართველმა პარტიამ 2 ოქტომბრის საღამოს იზეიმა.

2 ოქტომბრის საღამო, კალაძისა და ღარიბაშვილის ნაადრევი ზეიმი

„ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მოქმედმა მერმა კახი კალაძემ ვერ გაიმარჯვა პირველივე ტურში და დედაქალაქისთვის ბრძოლა, 30 ოქტომბერს, მეორე ტურში გაგრძელდება. ამის გამო კალაძემ დღეს თავის ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. პარალელურად, არც ოპოზიციის მოლოდინი გამართლდა და თბილისის საკრებულოში „ოცნებას“ ისევ უმრავლესობა ეყოლება.

„ოცნება“ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ხმების 46.6 % აგროვებს, „ნაციონალური მოძრაობა”- 30,7%-ს, ხოლო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 7.7%-ს.

თბილისში კი „ოცნებას“ 40% აქვს, „ნაციონალებს“ – 28%, „საქართველოსთვის“ - 8,8%. თბილისის საკრებულოში ამ დროისთვის ამ სამი პარტიის გარდა, კიდევ ხვდებიან: „ლელო“ – 3.6%, „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 3.3% და ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ – 2.57%. „ოცნებას“ 50 კაციან თბილისის საკრებლოში, სავარუდოდ, 28 მანდატი ექნება.

სრულად პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში დამოუკიდებლად ვერცერთი პარტია ვერ შეკრავდა უმრავლესობას თბილისის საკრებულოში. მოვლენების ასე განვითარება ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს, მათ თითი თითზე არ დაადეს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტეტმის მოსაპოვებლად
ვახუშტი მენაბდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


„ასეთი უპირატესობა „ოცნებამ“ თბილისში სრულად მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვა“ - ფოქრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე. „სრულად პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში დამოუკიდებლად ვერცერთი პარტია ვერ შეკრავდა უმრავლესობას საკრებულოში. მოვლენების ასე განვითარება ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს, მათ თითი თითზე არ დაადეს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტეტმის მოსაპოვებლად და უკრიტიკოდ მიიღეს „ქართული ოცნების“ და „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილის პარტია) შეთანხმებული ვერსია, რომელმაც, სხვათაშორის, ამ უკანასკნელებს საკრებულოს გარეთ ტოვებს“ - მიაჩნია ვახუშტი მენაბდეს.

ცსკოს წინასწარი მონაცემებით, 64-დან 44 ქალაქში „ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა. თბილისის გარდა, მეორე ტური კიდევ 19 ქალაქში გაიმართება, მათ შორის, ოთხივე თვითმმართველ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში.

მეორე ტურს ელოდებიან ასევე ზუგდიდში, თელავში, ხაშურში, ოზურგეთში, წყალტუბოში, ქარელში, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, მარტვილში, სენაკში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ბაღდათსა და ცაგერში. ბოლო მონაცემებით, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ. ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა საერთოდ უმრავლესობით შევიდეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისისთვის მეორე ტურში იბრძოლებს

ჯერჯერობით, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს მეორე ტურის წინ, მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებული ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია? ვის მხარეს გადაიხრება 30 ოქტომბერს მისი ამომრჩეველი? გახარიას პარტიაზე ასევე ბევრი იქნება დამოკიდებული ზოგიერთ საკრებულოში უმრავლესობის ფორმირებაზეც.

თუმცა, ექსპერტები არსებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია, მმართველობის მე-9 წელს გავლენას ნელ-ნელა კარგავს.

„ოცნება“ კარგავს გავლენას სტრატეგიულ ქალაქებსა და ზოგიერთ რეგიონში. სწორედ ეს წერტილოვანი, თუმცა, მსხვილი, ჩავარდნები აჩვენებს ხელისუფლების ეროზიას დღეს გაცილებით რელიეფურად, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით მიღებული ჯამური მაჩვენებლები“
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი


„ოცნება“ კარგავს გავლენას სტრატეგიულ ქალაქებსა და ზოგიერთ რეგიონში: თბილისი, ბათუმი, სამეგრელო“ - მიაჩნია სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს. „სწორედ ეს წერტილოვანი, თუმცა, მსხვილი, ჩავარდნები აჩვენებს ხელისუფლების ეროზიას დღეს გაცილებით რელიეფურად, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით მიღებული ჯამური მაჩვენებლები“ - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

შედარებისთვის: 2017 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, „ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 55%, ხოლო თბილისის მასშტაბით 51% მიიღო, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი შესაბამისად - 46% და 40%.

კახი კალაძემ 2017 წელს, თბილისის მერის არჩევნებში, პირველივე ტურში 51%-ით იმარჯვა, 2021 წელს კი მხოლოდ 44%-ს აგროვებს და ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიასთან (34%) მეორე ტურში ბრძოლა ელის.