ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 51,92 % იყო


ფოტო: ცესკო
ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. 20:00 სათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, 366 საჩივარი დაიწერა, რაც მეტწილად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობაა მოთხოვნილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა, რომ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დაინერგა, ახლდა გამოწვევებიც: "ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა", - თქვა მან.

ფოტო: ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობა
ფოტო: ცესკო - ამომრჩეველთა აქტივობა

ქვეყნის მასშტაბით ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 2 ოქტომბერს ამომრჩევლებმა ხმა 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცეს, საიდანაც 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი იყო.

მოსახლეობას დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩია. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად. თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერია დაწესებული. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG