2019 წელს აშშ-ში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 2,7%-ით გაიზარდა

გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს, სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულის შემთხვევების რაოდენობა 2.7 პროცენტით გაიზარდა და ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.

გასულ წელს ასეთი დანაშაულის 7 314 შემთხვევა მოხდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს, 7 120 შემთხვევას აჭარბებს და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ასევე ნახეთ: ტრამპი გმობს რასიზმს, ფანატიზმს და თეთრი რასის უპირატესობას



2018 წელს უმნიშვნელო კლების მიუხედავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი სამი წლის განმავლობაში, სიძულვილის დანაშაულის მკვეთრმა ზრდამ თითქმის 21 პროცენტი შეადგინა. ეს პერიოდი აღინიშნა უკიდურესი მემარჯვენეების მზარდი ძალადობით. იმ დროს, როდესაც ტრამპმა თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები დაგმო, ექსტრემიზმზე დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სიძულვილის დანაშაულის მკვეთრი ზრდა იმ ჯგუფების დანაშაულის მიმართ მოხდა, რომლებსაც პრეზიდენტი აკრიტიკებდა. მაგალითად, ანტი-ლათინო სიძულვილის დანაშაული, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში, ბიუროს მონაცემების მიხედვით, 53 პროცენტით გაიზარდა.

ასევე ნახეთ: ვის სძულს ებრაელები?

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძულვილის და ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ლევინმა თქვა, რომ “სიძულვილის დანაშაულის ბოლოდროინდელი ზრდა ახალ, სასტიკ გარემოზე მიგვანიშნებს, სადაც მორიგეობით შერჩეულ მსხვერპლთა ჯგუფებზე მიზანმიმართული თავდასხმები არა მხოლოდ მკვეთრ ზრდას იწვევს, ზრდა ასევე ყველაზე ძალადობრივი თავდასხმების ფართოდ გავრცელებული მატებითაც არის განპირობებული.”

გამოძიების ფედერალური ბიურო სიძულვილის დანაშაულს განსაზღვრავს, როგორც კრიმინალურ ქმედებას, რომელიც რასობრივი, ეთნიკური, წარმომავლობითი, სქესობრივი ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, სქესის, სქესობრივი იდენტობის ფაქტორებით არის მოტივირებული.

მიუხედევად იმისა, რომ სიძულვილის დანაშაულის აქტების უმეტესობა არაძალადობრივია, ანგარიშმა აჩვენა ისეთი ძალადობრივი დანაშაულის ზრდა, როგორიცაა თავდასხმა და მკვლელობა.
სიძულვილზე დაფუძნებული მკვლელობების რიცხვი თითქმის გაორმაგდა და სარეკორდო 51-ს მიაღწია. ეს რიცხვი თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების მიერ ჩადენილმა თავდასხმებმა განაპირობა, მათ შორის იყო ხოცვა-ჟლეტა ქალაქ ელ-პასოს სუპერმარკეტში, სადაც 23 ადამიანი მოკლეს.

გასულ წელს, სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების მიყოლებით მესამე ზრდა აღინიშნა. სიძულვილის და ექსტრემიზმის კვლების ვენტრის მიერ შეჯერებული მონაცემების თანახმად, თეთრი რასისტების და სხვა უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ ჩადენილი მკვლელობების რიცხვიც, გასულ წელს, მესამე წლის განმავლობაში უწყვეტად, გაიზარდა.

ცენტრმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ “ეს რასისტი მკვლელები დომინირებდნენ ზოგად “ექსტრემისტული მოტივაციის” მკვლელობების კატეგორიაში და მათი მთელი რიცხვი უფრო მეტი იყო, ვიდრე 2018 წელს ჩადენილი ყველა ექსტრემისტული მკვლელობა.”

ასევე ნახეთ: ტრამპი ნეო-ნაცისტებს და კუ-კლუქს კლანს გმობს

გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, სიძულვილზე დაფუძნებული, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავდასხმების რიცხვი ექვსი წლის განმავლობაში უწყვეტად იზრდებოდა და 2001 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. გასულ წელს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 866 თავდასხმა აღირიცხა, მის წინა წელს ასეთი 818 შემთხვევა მოხდა.

წინა წლების მსგავსად, 2019 წელს ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის უმეტესობას რასობრივი და ეთნიკური საფუძველი ჰქონდა, მათ შემდეგ კი რელიგიური მოტივი იყო.

ანტი-სემიტური სიძულვილის დანაშაული 14 პროცენტით გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვი, 953 შემთხვევა აღირიცხა. სიძულვილის და ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 2019 წელი ერთი იყო მხოლოდ ორი წლიდან, როდესაც 900-ზე მეტი ანტი-სემიტური სიძულვილის დანაშაული მოხდა.

ანტი-ლათინო სიძულვილის დანაშაული 2019 წელს თითქმის 9 პროცენტით, 527-მდე გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. ანტი-არაბული თავდასხმები 16 პროცენტით, 95 შემთხვევამდე გაიზარდა. იმავდროულად, ანტი-მუსლიმური სიძულვილის დანაშაული, მიყოლებით მესამე წლის განმავლობაში მცირდებოდა და 2016 წლის პიკის შემდეგ, როდესაც 308 შემთხვევა აღირიცხა, 188-დან 176-მდე შემცირდა.