პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან.
„თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
ასევე ნახეთ: საქართველოში პროტესტი გრძელდება - კობახიძე ამბობს, რომ „ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება“„ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების, კონკრეტულად, გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მზად ვართ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, - თქვა კობახიძემ.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას; მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.
დებატებში გამოწვევა საჯაროდ მიიღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა.
მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2015-2018 წლებში, ირაკლი კობახიძეს ფეისბუკით მიმართა:
„მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“.
თინა ხიდაშელმა, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო 2015-16 წლებში, განაცხადა:
„მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ, აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქვეყნისთვის მეტი სარგებელის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად. მე, ადამიანი, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება, (ნაცვლად სამშვიდობო მიესიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა), მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის, კაცთან რომელიც თავის თავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან, მოახერხა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება და ბოლოს, ზუსტად იანუკოვიჩის დარად, ამცნო ქვეყანას რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის, „2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს“, - დაწერა თინა ხიდაშელმა თავის გვერდზე, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.