აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი.

პოლიციელთა ნაწილი აგრესიულადაა განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

რეპორტიორების ნაწილს წიწაკის სპრეი შეასხეს.

რადიო თავისუფლების კიდევ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“.

ასევე ნახეთ: საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში

მოგვიანებით, 02:50 საათისთვის პოლიციამ ჟურნალისტები გაარიდა მოვლენების ეპიცენტრს.

დაშავებულთა შორის არიან:

  • მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
  • ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
  • „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.