„ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი, დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ...

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად...

ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

დღეს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას.

რეზოლუციას, სახელწოდებით: "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ", მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.

დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: "ევროპის სახალხო პარტიამ", "სოციალ-დემოკრატებმა", "მწვანეებმა", "ლიბერალებმა" და "ევროპელმა კონსერვატორებმა".

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.

რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი ახსენებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, დაშინებას, მოსყიდვას, დამკვირვებელთა შევიწროებას, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციას, მათ დამცირებას როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე მათ გარეთ.

„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - ვკითხულობთ ტექსტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.