შინაგან საქმეთა სამინისტრის სპეციალური დანიშნულების რაზმმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებთან ერთად, ოპოზიციის „დაუმორჩილებლობის აქცია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, დილის 7-ის ნახევარზე, სპეცსაშუალებების და ძალის გამოყენებით დაშალა.
ნაცემია ათობით დემონსტანტი. დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის გაწმენდის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა დემონსტანტების დაშლა-დაკავება მელიქიშვილის გამზირზე განაგრძეს.
დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი მაია გოგიძე და „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. „მთავარი არხის“ განცხადებით, „სერგი ბარამიძეზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და შემდეგ მისი უკანონო დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე პოლიციელი”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ მედიასთან საუბარში უარყო, რომ სერგი ბარამიძე ნაცემია, თუმცა არ განუმარტავს, რა მიზეზით მოხდა „მთავარი არხის“ ოპერატორის დაპატიმრება. „დაკავებულია, ნაცემი არ არის. არ ვიცი რატო დააკავეს” - თქვა ჯოხაძემ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიაომბუდსმენის მოწოდების შემდეგ სერგი ბარამიძე, მოგვიანებით გაათავისუფლეს. იგი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.
„ჩვეულებრივად ვიღებდი და რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს“ - აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ სერგი ბარამიძემ.
მედიომბუდსმენის განცხადებით, სპეცდანიშნულების წევრები "მთავარი არხის" ჟურნალისტების გარდა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ და ძალადობდნენ „OC მედიის“, „ნეტგაზეთისა“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტებზეც.
მედიაომუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით“.
შსს-მ გამთენიისას საპოლიციო ოპერაცია იმით ახსნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს, აკრძალულია.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, „აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეკრების თავისუფლების სტანდარტებში ჯდებოდა“.
უნივერსიტეტთან „დაუმორჩილებლობის აქციის“ დაშლის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერების ცნობით, პროტესტი თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება და უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.
განახლება: შსს-მ 12:00 საათზე განაცხადება, რომ აქციის დაშლის დროს - 16 დემონსტანტი დააკავა, აქედან 3 დაკავებული, მათ შორის, "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი მაია გოგიძე ხელწერილით გაათავისუფლეს.