ოპოზიციური კოალიციების ლიდერები არჩევნების საკითხზე ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინკის.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ეს იყო ძალიან სასარგებლო საუბარი, ძალიან ინფორმატიული ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან". მისი სიტყვებით, ელჩს გააცნეს, "რა მტკიცებულებებია მოპოვებული, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესი იქნა მიტაცებული "ქართული ოცნების" მიერ და რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ქართველი ხალხისთვის".

მისივე თქმით, განხილვის საგანი იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების საკითხი.

ასევე ნახეთ: მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

"იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება... გამოძიება შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო ჩართულობით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, ვინაიდან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით, სავიზო რეჟიმის გაუქმება-არგაუქმებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური სანქციების დაკისრება-არდაკისრებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ევროკავშირს ჰქონდეს ასი პროცენტით უტყუარი ინფორმაცია".

ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრიდან გაიგო, რომ "ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული, ასევე ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავგზავნით".

გვარამიას სიტყვებით, მათი ინტერესია "საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დადებს [დასკვნას ] რეკომენდაციების მეოთხე საკითხთან, თავისუფალი არჩევნების საკითხთან, რამდენად არის შესაბამისობაში ის, რაც მოხდა საქართველოში". ნიკა გვარამიას თქმით, მიიღეს პასუხი, რომ არსებობს საერთაშორისო გამოძიების ალბათობა, რაც "დამოკიდებულია ჩვენზე, როგორი კომუნიკაციები გვექნება".

"ელჩი, მოგეხსენებათ, არის ინფორმაციის გამტარი ცენტრსა და ადგილს შორის, სადაც იმყოფება და ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ, რომ ეს ინფორმაციები წარვადგინოთ. არა მხოლოდ მტკიცებულებები, არამედ დასაბუთება, რატომ საჭიროებს შესწავლას და რამდენად ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და შესაბამისად, ახალი პარლამენტი", - თქვა გვარამიამ, რომლის თქმით, დიპლომატებთან კონსულტაციები გაგრძელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერებთან გამართული შეხვედრის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს მართავენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ასევე ნახეთ: გორის სასამართლომ 14 უბნის გაბათილების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ირანის პირველმა პირებმა. არჩევნების შემდეგ საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ