გაეროს დახმარების სააგენტოს ისრაელში ოპერირება აეკრძალა

ისრაელის პარლამენტის მიერ, ორშაბათს მიღებული კანონით, გაეროს დახმარების სააგენტო UNRWA-ს, ქვეყნის შიგნით ოპერირება ეკრძალება. ქნესეთის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირის შეშფოთების მიზეზი გახდა. ისინი შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება, ღაზაში ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გააუარესებს.

ასევე ნახეთ: 5 რამ, რაც ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშზე უნდა ვიცოდეთ

ისრაელის ოფციალური პირები, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს რამდენიმე ათასი თანამშრომლის მხრიდან, 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობაზე საუბრობენ. ისრაელის მტკიცებით, გაეროს სააგენტოსთვის მომუშავე ბევრი ადამიანი, „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს.

„UNRWA-ს თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებში, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

UNRWA-ს ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაზარინმა განაცხადა, რომ კენჭისყრა ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და არღვევს საერთაშორისო კანონს. ”ეს არის უახლესი კამპანია UNRWA-ს დისკრედიტაციისა და მისი როლის დელეგიტიმაციისთვის - პალესტინელი ლტოლვილებისთვის დახმარებისა და ადამიანური განვითარების სერვისების მიწოდებაში”, - დაწერა მან სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

ისრაელის გადაწყვეტილებამ, გაეროს ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს აკრძალვის შესახებ, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი ბავშვის სიკვდილი და გახდეს კოლექტიური სასჯელი ღაზის მოსახლეობისთვის, თუ სრულად განხორციელდება, - ნათქვამია გაეროს სააგენტოების მიერ, სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: აშშ ისრაელს მოუწოდებს გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში

„თუ UNRWA ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, ღაზაში ეს, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული სისტემის ჩამოშლას გამოწვევს“, - თქვა UNICEF-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ელდერმა, რომელიც 7 ოქტომბრის ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში ინტენსიურად მუშაობდა. „ასე რომ, ასეთი გადაწყვეტილბა ნიშნავს, რომ ნაპოვნია ახალი გზა ბავშვების დასახოცად“, - თქვა ელდერმა.