10 ქვეყნის მაღალი რანგის პარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ამიტომ "ევროკავშირი ამ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ვერ ცნობს".
ღია წერილს, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ხელს ათი ევროპული ქვეყნის და კანადის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები - მეტწილად საგარეო ურთიერთობების, ევროპული საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ ხელს, და ამბობენ, რომ ისინი სოლიდარულნი არიან საქართველოს იმ ბევრი მოქალაქის, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. "ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ერთიანი ევროპის გულში".
"მაგრამ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური კლიმატი არ შეესაბამებოდა, შეუთავსებელი იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტთან. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, სახელმწიფო ძალაუფლება ბოროტად იყო გამოყენებული, ამომრჩეველი - მოსყიდული. საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები ამას მკაფიოდ ადასტურებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გაყალბება ხდებოდა კენჭისყრის დღესაც დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის თვალსაზრისით თავად კენჭისყრის დღესაც", - წერენ ევროპელი დეპუტატები და დასძენენ, რომ ქართველებს მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.
ასევე ნახეთ: ცაჰკნა: "ამ არჩევნებმა გააღრმავა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე""ეს არჩევნები იყო [არჩევანი] ევროპასა და იზოლაციას, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. ცხადია, საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკმარისად ნათელი არ გახდა, რომ ევროკავშირთან დაახლოება მმართველი პარტიის და მისი პოლიტიკის პირობებში ვერ გაგრძელდება. "ქართული ოცნების" პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან", - ამბობენ ევროპელი დეპუტატები და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არსებობს ერთადერთი გლობალური ომის პარტია და "თქვენ მას სახელი უნდა დაარქვათ - მას რუსეთი ჰქვია". ამ ყველაფრის გამო, დეპუტატები ამბობენ, რომ ევროკავშირი ვერ ცნობს არჩევნების შედეგს ლეგიტიმურად.
ევროპელი პარლამენტარები ამბობენ, რომ მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენაზე, დაშინებასა და მუქარაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. თუმცა, იქვე განმარტავენ, რომ ამ მასშტაბური იმედგაცრუების მიუხედავად, "არ უნდა მაიტოვონ საზოგადოების პროდასავლელი ნაწილი". ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეწინააღმდეგებიან მოქალაქეების "კოლექტიურ დასჯას", უვიზო რეჟიმის შეწყვეტის სახით, თუმცა ასევე შიშობენ, რომ განათლებულმა, პროდასავლელმა ახალგაზრდებმა შესაძლოა ქვეყნის მასშტაბურად დატოვება მოისურვონ.
ღია წერილს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც: "ნიღბები მოხსნილია, ამ წერილის ხელმომწერები არათუ მხოლოდ დისკრედიტაციას უწევენ დემოკრატიულ არჩევნებს და პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, არამედ ისნი ასევე ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობასაც საბჭოთა პროპაგანდის სტილის მსგავსი სამარცხვინო გზით დეზინფორმაციის გავრცელებით", - დაწერა სამხარაძემ სოციალურ ქსელ "X"-ში.
"ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ქვეყნის "ბელარუსიფიკაცია" - ვკითხულობთ პარლამენტარების წერილში. "თუკი მმართველი პარტია და მისი ლიდერი შეასრულებენ თავიანთ განცხადებებს, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გასამართლებისა და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირმა მკაფიო უნდა გახადოს მმართველი პარტიისთვის, რომ ის ამას არ შეეგუება და ამას ურთიერთობების სრული გაწყვეტა მოჰყვება", - ამბობენ ევროპელი დეპუტატები. ისინი დასძენენ, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას გაააერთიანოს ქვეყანა, დაიცვას დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი: "ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი" - 28 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართებასაქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია შედეგებს არ ცნობს. არალეგიტიმურს უწოდებს არჩევნებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ოპოზიციური პარტიებიდან მინიმუმ ორი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიციური სპექტრი, მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, ხვალ, 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.