„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა მშვიდობის შენარჩუნებაა. ომის თავიდან აცილების, რუსეთთან ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის, უკრაინაში მიმდინარე ომის და საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს არაერთხელ წამოიჭრა. მაშინ, როცა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები თბილისს პროდასავლურ კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, და მანამდე დახმარებაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე და მაღალი რანგის შეხვედრებზე უარს ეუბნებიან, ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი მმართველი გუნდის განცხადებებს „ისტორიის გადაწერის მცდელობაში კრემლის დახმარებად აფასებს“. ისინი ამბობენ, რომ ქართველებს არჩევანი არა "ომისა და მშვიდობის პარტიებს" შორის აქვთ გასაკეთებელი, არამედ კოლონიური რუსული იმპერიის ნაწილად ყოფნასა და ევროპულ მომავალს შორის.
რას ნიშნავს ომსა და მშვიდობაზე საუბარი
ყოველთვის კარგი იდეაა ხალხს უთხრა, რომ შენ მშვიდობა შეინარჩუნე. ეს ისაა, რისი მოსმენაც ხალხს უნდა"- პოლ გობლი
„ყოველთვის კარგი იდეაა ხალხს უთხრა, რომ შენ მშვიდობა შეინარჩუნე. ეს ისაა, რისი მოსმენაც ხალხს უნდა“, - ამბობს პოლ გობლი, ევრაზიაში ეთნიკურ-რელიგიური საკითხების მკვლევარი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი სპეციალური მრჩეველი. გობლის აზრით, თუკი „ოცნება“ მიიჩნევს, რომ ომი იმით აირიდა თავიდან, რომ უკრაინის გამარჯვებას არ დაუჭირა მხარი, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთი უკრაინის ყველა სხვა მხარდაჭერზე თავდასხმას აპირებს და საქართველოს პოზიცია „უნიკალურად მართებულია“.
„თუ ეს ასეა, მაშინ, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხს ეუბნება, ისაა, რომ სანამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც მოსკოვს სურს, ის ჩვენთან არ შემოიჭრება. ყველა ლამაზი სიტყვის მიღმა ეს ამას ნიშნავს. მაგრამ მაშინ, რამდენად განსხვავდება ეს იმისგან, რაც 1991 წლამდე იყო? შედეგად, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, არის [რუსეთისგან] დამოუკიდებლობისთვის საქართველოს ყველა ბრძოლის ღალატი“, - მიიჩნევს გობლი.
რას ირჩევს საქართველო?
რუსეთის საკითხებზე წლების განმავლობაში მომუშავე ანალიტიკოსი, ყოფილი ჟურნალისტი, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მოწვეული მკვლევარი ბრიან უიტმორი ამბობს, რომ ომისა და მშვიდობის თაობაზე ასეთი ყურადღების გამახვილება, არაგულწრფელი და უპატიოსნოა, ამასთან საშიშიც. თუმცა ეს შესაძლოა ძალიან ეფექტიანი სტარტეგიაც აღმოჩნდეს, რადგან ამით ამომრჩეველი დაიბნეს იმის თაობაზე, თუ რა წყდენა სინამდვილეში ბიულეტენზე არჩევანის დაფიქსირებით.
„ქართულ ოცნებას“ მოსწონს ოპონენტების დადანაშაულება, მათთვის „ომის პარტიის“ დაძახება. ომის პარტია არსებობს და ის მოსკოვშია… რასაც „ქართული ოცნება“ ახლა ამ ნარატივით აკეთებს, არის ძალიან არაგულწრფელი და მზაკვრული, მაგრამ ეს ასევე ძალიან ჭკვიანური და ეფექტიანი მოტყუების ოპერაციაა, ყურადღების გადატანის ოპერაცია. საქართველო არჩევანის წინაშეა, მაგრამ ეს არაა „ომისა“ და „მშვიდობის პარტიას“ შორის არჩევანი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის", - ამბობს უიტმორი და დასძენს, რომ ეს კრემლის მეთოდების მსგავსი გამოყენებაა.
საქართველო არჩევანის წინაშეა, მაგრამ ეს არაა „ომისა“ და „მშვიდობის პარტიას“ შორის არჩევანი, ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის",- ბრაიან უიტმორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს არჩევნები „რეფერენდუმია“, რომელზეც საქართველომ მშვიდობა უნდა აირჩიოს და უარი უთხრას ომს.
“ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი - თქვა კობახიძემ ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ამერიკელი ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ქართველების წინაშე არსებული არჩევანი სინამდვილეში ძალიან მარტივი და სწორხაზოვანია და ის ომსა მშვიდობას არ ეხება.
“ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან მარტივი არჩევანია. სურთ ქართველებს გააგრძელონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და ევროპაში ინტეგრაციის პროცესი? ეს სურთ მათ თუ რუსეთი სურთ? ესაა არჩევანი და ახლა „ქართული ოცნება“ ძალიან მზაკვრულად მანიპულირებს ამ არჩევანის რაობით”, - ამბობს ბრაიან უიტმორი და ხსნის, რომ ახლა თბილისი ისტორიის გზაგასაყარზე დგას. რადგან მსოფლიო ცივი ომის მსგავსი ახალი გეოპოლიტიკური რეალობისკენ მიემართება და სწორედ ის უნდა გადაწყდეს, სად გაივლის “ახალი ცივი ომის საზღვრები”:
„ძველი ცივი ომის ხაზი გერმანიის შუაში გადიოდა, ხომ? სად გაივლის ახლა ის? უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე თუ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე? თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, უკრაინის დასავლეთ საზღვარზე? ან საქართველოს სამხრეთ საზღვარზე? ეს ახლა, ამწუთას უკრაინაში მიმდინარე ომში წყდება, მაგრამ ასევე იმ პოლიტიკურ ბრძოლებშიც, რომლებიც საქართველოში თუ მოლდოვაში ხდება“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მკვლევარი და დასძენს, რომ თბილისმა უნდა გამოიყენოს ის შანსი, რომელიც დემოკრატიულ მსოფლიოს „ისტორიის გამოსასწორებლად“ მიეცა:
„ჩვენ მოგვეცა შანსი ისტორია სწორ გზაზე დავაბრუნოთ, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, რომ იყვნენ თავიანთ ნამდვილ სახლში, ევროპაში. მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ შედეგზე ფსონს არ დებს და ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიში და შემაწუხებელია“, - ხსნის უიტმორი.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მომავლისთვის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკისთვის ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ვლადიმირ კარა-მურზაც.
“ვფიქრობ, საქართველოს ახლანდელი მთავრობა პუტინის მსგავსი, მისი შედარებით მსუბუქი ვარიანტის რეჟიმია”, - ამბობს კარა-მურზა და დასძენს, რომ ბოლოდროინდელი ნაბიჯები თუ განცხადებები საქართველოს ევროპული მომავლისთვის საშიშად მიაჩნია.
ვხედავთ განცხადებებს რაღაც ტიპის დაახლოების, თუ პუტინის რუსეთთან ძველებურ ურთიერთობებთან დაბრუნების საჭიროებაზე. ეს მიმართულება უკიდურესად საშიშია",- ვლადიმირ კარა-მურზა
“ბატონ ივანიშვილს აქვს კავშირები კრემლში და პირადად პუტინთან. უკვე ბევრი წელია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ვხედავთ. რა თქმა უნდა, ყველაზე უახლესი ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონის“ მიღებით, რომელიც ფაქტობრივად ეფუძნება რუსეთში პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ იგივე ინსტრუმენტს. ჩვენ ვიხილეთ ახლანდელი ხელისუფლების სხვა ქმედებებიც, მაგალითად რუსი ოპოზიციონერი აქტივისტების განდევნა, რომლებისთვისაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში თავშესაფარი იყო. ვხედავთ განცხადებებს რაღაც ტიპის დაახლოების, თუ პუტინის რუსეთთან ძველებურ ურთიერთობებთან დაბრუნების საჭიროებაზე. ვფიქრობ, ეს მიმართულება უკიდურესად საშიშია“, - ამბობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი, და განმარტავს, რომ არჩევნებზე ქართველებს „პუტინიზაციაზე“ უარის თქმის შესაძლებლობა ექნებათ.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მრავალფეროვანი და აქტიურია, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბევრჯერ დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება დემოკრატიისა და მათი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის თაობაზე, არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელიდან სრულად გამოცლას. არ დაუშვებენ, რომ პუტინის რეჟიმის მსგავსი, მისი შედარებით მსუბუქი ვარიანტი სრულად პუტინისტური ტიპის სისტემად გადაიქცეს. იმედი მაქვს ეს არჩევნები შეძლებს დაასრულოს ეს უკუსვლა, დაასრულოს საქართველოს ეს პუტინიზაცია და შეძლებს გახდეს გარდამტეხი მომენტი საქართველოსთვის დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ვლადიმირ კარა-მურზამ, რუსული ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვაშინგტონში პირველი ვიზიტისას.
რა აირჩია უკრაინამ?
ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის დადანაშაულების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ქუჩებში სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომლის ნახევარიც უკრაინაში ომით გამოწვეულ განადგურებას ასახავს, მეორე კი - მშვიდობიანი საქართველოს ფერად კადრებს. ბანერებიც და მსგავსი დიზაინის სარეკლამო რგოლითაც “ოცნება” მოსახლეობას “ომზე უარის თქმის” და “მშვიდობის არჩევისკენ” მოუწოდებს. ყოფილი ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ წარმოუდგენელი და თითქმის დაუჯერებელიც კია იმაზე მითითება, თითქოს რუსული ჯარის მიერ მოტანილი სიკვდილი და ნგრევა უკრაინელი ხალხის არჩევანი იყო.
ეს იდეა, რომ უკრაინელებმა აირჩიეს ომი, იმას ჰგავს, ამბობდე, რომ 1939 წელს პოლონელებმა აირჩიეს ომი იმიტომ, რომ არ სთხოვეს ჰიტლერს მშვიდობიანად მოსულიყო",- პოლ გობლი
“უკრაინელებს არ აურჩევიათ ეს ომი. ეს ომი მხოლოდ და მხოლოდ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის გამო მოხდა, რომელსაც აწუხებდა და ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას, რომ უკრაინა თავისი გზით წავიდოდა დასავლეთისკენ 2014 წელს და შემდეგ, 2022 წელს", - ამბობს პოლ გობლი და განმარტავს, რომ კრემლმა დაინახა, რომ უკრაინას უდიდესი პროგრესი ჰქონდა დასავლეთის ნაწილად გახდომის მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრირების მიმართულებით, ნატოს ძალებთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით. მისი აზრით, ყველა ეს პროცესი მიუთითებდა მოსკოვს, რომ უკრაინა არ იქნებოდა რუსეთის ნაწილი, როგორადაც მას ვლადიმირ პუტინი ხედავს.
"ეს იდეა, რომ უკრაინელებმა აირჩიეს ომი, იმას ჰგავს, ამბობდე, რომ 1939 წელს პოლონელებმა აირჩიეს ომი იმიტომ, რომ არ სთხოვეს ჰიტლერს მშვიდობიანად მოსულიყო. ეს ამაზე უფრო მეტად დამაჯერებელი არ არის. ამ მოსაზრებას არანაირი არგუმენტი არ ამყარებს“, - მიიჩნევს ევრაზიის მკვლევარი.
უკრაინელებმა თავის დაცვა არჩიეს კაპიტულაციას - ამბობს ბრაიან უიტმორიც და განმარტავს, რომ ეს ის ერთადერთი არჩევანია, რაც უკრაინამ გააკეთა:
“რა იყო უკრაინელებისთვის სხვა არჩევანი? მათ ომი არ აურჩევიათ, ომი რუსეთმა აირჩია და უკრაინამ აირჩია თავი დაეცვა ამ ომში, რომელიც მას არ გამოუწვევია. ომის მიზეზი რუსეთია. ასე რომ რა ალტერნატივა ჰქონდა უკრაინას, რა უნდა გაეკეთებინა? კაპუტულაცია გამოეცხადებინა რუსეთისთვის? ამას სთავაზობს საქართველოს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანამ კაპიტულაცია გამოუცხადოს რუსეთს? ესაა მათი აზრით უკეთესი გზა საქართველოსთვის?როგორც ჩანს, ისინი მიუთითებენ, რომ საქართველო უბრალოდ უნდა დანებდეს, უარი თქვას თავის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე რუსეთის სასარგებლოდ. ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, არა? ესაა, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს? - ამბობს უიტმორი და დასძენს, რომ “თუკი ისინი მართლაც რუსეთზე არ დებენ ფსონს, მაშინ საერთოდ არ იციან რას აკეთებენ, რადგან მათი ქმედებები ამაზე მიუთითებს“.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზესუვერენიტეტი, ბოდიში და მოლაპარაკებების რუსული წესი
ანალიტიკოსების აზრით, ამავე კონტექსტში ხდება არჩევნების წინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი, მოსკოვისგან “დახმარების” მზაობის გამოხატვა, ამ მზაობის შექება, “ურთიერთობების ნორმალიზების” ხსენება და ა.შ. მათი შეფასებით, ამ თემაზე საუბრის გააქტიურება რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობაა, დააინტერესოს ქართველი ხალხი დასავლეთთან დაშორებით, შესაძლო ნეიტრალიტეტით, და მოსკოვის მოსაწონი ნაბიჯების გადადგმით.
“წლების წინაც და ახლაც ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსების მიზანია, აჩვენონ ქართველებს, რომ ერთადერთი გზა, როგორც ისინი ამ ტერიტორიების დაბრუნებას ან მათთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებენ, მხოლოდ რუსეთის პირობებით მოხდება და არა - დასავლეთისკენ მოძრაობით”, - ამბობს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში კენეტ იალოვიცი.
რუსების მიზანია, აჩვენონ ქართველებს, რომ ერთადერთი გზა, როგორც ტერიტორიების დაბრუნებას ან მათთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებენ, მხოლოდ რუსეთის პირობებით იქნება და არა - დასავლეთისკენ მოძრაობით”,- კენეტ იალოვიცი
მისი აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული სენტიმენტებით მანიპულირება რუსეთის მრავალწლიანი ტაქტიკის ნაწილი და კარგად ნაცადი მეთოდია, რომლის გამოყენებასაც როგორც ჩანს, მოსკოვი ამ არჩევნების ფარგლებშიც ცდილობს. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ რუსები ამ ორი რეგიონის საკითხით თბილისისთვის ბალანსის დასარღვევად, დაბნეულობის გამოსაწვევად წარსულშიც ბევრჯერ სპეკულირებდნენ და ამას მოსკოვი “ერთიანობის იდეის, დასავლეთისკენ მოძრაობის იდეის პრევენციისთვის” საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად ხშირად იყენებდა.
“ვფიქრობ, რასაც რუსები, როგორც ჭადრაკის სტრატეგიული მოთამაშეები ელოდნენ, იყო მთავრობა, რომელიც საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდოდა, და იქნებოდა მათი მხრიდან ასეთი ტიპის უვერტიურებისადმი მორჩილი”, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი. იალოვიცი ხაზს უსვამს, რომ სამწუხარო სანახავია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, და “ქართული ოცნება” ცდება, თუ ჰგონია, რომ რუსებისგან რაიმე პატიოსანი და სამართლიანი შეთანხმების მიღებას შეძლებს, მით უფრო დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობებით შესუსტებული პოზიციებით.
Your browser doesn’t support HTML5
რეგიონის საკითხებზე წლების განმავლობაში მომუშავე მკვლევრების თუ ყოფილი დიპლომატების აზრით, განსაკუთრებით მიუღებელი ქართული მხარისგან ბოდიშის მოხდაზე საუბრის დაწყებაა, რაც დღევანდელ კონტექსტში სულაც არ არის მშვიდობისა და შერიგებისკენ გადადგმული უწყინარი ნაბიჯი.
იმის თქმა, რომ ერთი [მხარე] ბოდიშს იხდის, ეს ნიშნავს, რომ ეს მხარე წუხს, ნანობს რაღაც კონკრეტულ მოქმედებას რაც როგორღაც მისი ჩადენილია. ეს ბევრად იმაზე შორს მიდის, ვიდრე საჭიროა მოლაპარაკებების დასაწყებად",- პოლ გობლი
„საქართველო არ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე. საქართველო არ შეჭრილა რუსეთში. რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ ბატონ სააკაშვილს ან სხვებს არ დაუშვიათ შეცდომები. ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა ეთნიკურ ქართველებს, აფხაზებსა თუ ოსებს შორის ერთი დიდი იდეალური ჰარმონია იყო. არის რეალური პრობლემები, მაგრამ სულ სხვა რამეა იმის თქმა, რომ ჩვენი ვალია ბოდიში მოვიხადოთ“, - ამბობს ევრაზიაში ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა მკვლევარი პოლ გობლი და დასძენს, რომ ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ მორჩილი ხელისუფლება სურს და მისი სამშვიდობო დაპირებები ახლაც ისეთივე ყალბი და ცარიელი იქნება, როგორც აქამდე იყო.
“იმის თქმა, რომ ერთი [მხარე] ბოდიშს იხდის, ეს ნიშნავს, რომ ეს მხარე წუხს, ნანობს რაღაც კონკრეტულ მოქმედებას რაც როგორღაც მისი ჩადენილია. ეს ბევრად იმაზე შორს მიდის, ვიდრე საჭიროა მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს მიდგომა მიუთითებს, რომ სანამ იმას ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც ჩვენგან მოსკოვს სურს, ყველაფერი რიგზე იქნება. პირობას გაძლევთ, რომ როგორც საქართველოს ისტორია განმეორებითად აჩვენებს, ეს არ მოხდება“ - განმარტავს გობლი.
2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულების მთავარ აუდიტორიად ბრაიან უიტმორი ქართველ ამომრჩეველს მიიჩნევს, რათა “ოცნებამ” მომხდარში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დასდოს ბრალი. თუმცა მისი აზრით, ეს გაცილებით უფრო საშიში რამაა, ვიდრე - მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება თუ საარჩევნო კამპანია.
ასევე ნახეთ: ექსპერტები- ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივა უადგილოა“იმ მითის გამეორება, რომ თითქოს საქართველოა როგორღაც დამნაშავე ამ ომში, ძალიან საშიშია როგორც ქართველებისთვის, ისე - სხვებისთვის რეგიონში… ბატონი ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ის [ვლადიმირ] პუტინის პატარა დამხმარეა, „ქართული ოცნების“ წევრებიც პუტინის პატარა თანაშემწეები არიან, რადგან ისინი პუტინს და კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან, რისი კეთებაც, ისტორიულად, კრემლს ძალიან მოსწონს. ისინი ყოველთვის თავიდან წერენ [სხვა] ისტორიას: რუსეთი იჭრება საქართველოში, და ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ბრალია, რომ გაბედა და მოინდომა საკუთარი თავის დაცვა გარე აგრესიისგან. ამას ვხედავთ ისევ და ისევ, და კვლავ, როცა მოსკოვი თავის აგრესიას სხვა ქვეყანას აბრალებს, იმ ქვეყანას, რომელიც მისი აგრესიის სამიზნეა. ამ შემთხვევაში ძალიან გამორჩეული ისაა, რომ არის საქართველოს უდიდესი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ამ ნარატივის გათამაშებას ეხმარება“, - ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.
იმ მითის გამეორება, რომ თითქოს საქართველოა როგორღაც დამნაშავე ამ ომში, ძალიან საშიშია როგორც ქართველებისთვის, ისე - სხვებისთვის რეგიონში",- ბრაიან უიტმორი
“ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან სანქციების ან შემზღუდავი ზომების შედეგები მოიმკან, თუკი ეს ქვეყნის არჩეული მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებებისთვის დაწესებული “სასჯელი” უნდა იყოს. და რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ამა თუ იმ კანონის მიღების თაობაზე შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
უიტმორი ხსნის, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს, რუსეთია, და თავად “ოცნება” უწყობს ხელს ოკუპანტ სახელმწიფოს ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით - ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ურთულებს დასავლელ პარტნიორებს ქართველების დახმარებას.
“რასაც “ოცნება” აკეთებს, ეს სიტყვებით ძალიან ჭკვიანური თამაშია, ცოტა არ იყოს ირონიულიცაა, რადგან ეს ე.წ. სუვერენული გადაწყვეტილებებია სწორედ ის, რაც საბოლოოდ ძირს გამოუთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. დასავლელ პარტნიორებს არაფერი სურთ იმაზე მეტად, ვიდრე ნახონ, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. ძალიან ნათელია, რომ [ამ შემთხვევაში] ქართველები აირჩევდნენ დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ეს იქნებოდა პირიქით მისი გაძლიერება იმ ერთადერთი ძალისგან დასაცავად, რომელსაც მისი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა სურს და რომელიც, ცხადია, რუსეთია”, - ამბობს უიტმორი.