ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა საპროტესტო აქციებისა და გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიხსნა. სხვადასხვა შტატიდან ჩიკაგოში ჩასულ დელეგატებს, უკვე მიმართეს პარტიის ძველმა და ახალმა ლიდერებმა. პირველი დღის მთავარი მოქმედი გმირი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.
“ჯო, დიდი მადლობა ისტორიული ლიდერობისთვის, ჩვენი ერისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ყველაფრისთვის, რის კეთებასაც გააგრძელებ. ჩვენ სამუდამოდ მადლიერი ვართ”, - თქვა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კამალა ჰარისმა, სანამ სცენას ჯო ბაიდენი დაიკავებდა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტი სცენაზე მისმა ქალიშვილმა, ეშლი ბაიდენმა წარადგინა, რომელმაც თქვა, რომ ჯო ბაიდენი კარგი პრეზიდენტი, კარგი მამა, კარგი მეუღლე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია.
„ის არასდროს წყვეტს თქვენზე [ხალხზე] ფიქრს.. მამაჩემი და თქვენი 46-ე პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი“, - თქვა ეშლი ბაიდენმა.
ბაიდენის სიტყვა
“მიყვარხარ ამერიკა“, - ასე დაიწყო საკუთარი სიტყვა ამერიკის მოქმედმა, 46-ე პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთი საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ერს ერთობისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
“მზად ხართ ხმა მისცეთ თავისუფლებას? მზად ხართ ხმა მისცეთ დემოკრატიას და ამერიკას? მზად ხართ აირჩიოთ პრეზიდენტად კამალა ჰარისი?”, - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ისე როგორც 2020 წელს, დემოკრატიას მილიონობით ადამიანი დაიცავს.
"თქვენ წინაშე, აგვისტოს ამ ღამით ვდგავარ, რათა მოგახსენოთ - დემოკრატიამ გაიმარჯვა, დემოკრატია მიღწეულია. ახლა კი დემოკრატია უნდა შენარჩუნდეს. როგორც თქვენი პრეზიდენტი, მტკიცედ ვიყავი მოწოდებული ამერიკის წინსვლისკენ და არა უკუსვლაზე. მტკიცედ ვიყავი მოწოდებული სიძულვლილისა და ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, კაპიტოლიუმზე თავდასხმა გაიხსენა და თქვა - "რაც მაშინაც და ახლაც გულის სიღრმიდან ვიცი ისაა, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის."
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, საზოგადოებას პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა მიმართა. მან, ისაუბრა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, გამოთიშვოდა საპრეზიდენტო არჩევნებს და მხარი დაეჭირა კამალა ჰარისისთვის.
“მე და ჯო ვიცნობთ კამალას. კამალა და ტიმ, თქვენ გაიმარჯვებთ! ჩვენ ვიბრძოლებთ ერთად და გავიმარჯვებთ ერთად”, - თქვა ჯილ ბაიდენმა.
კლინტონის სიტყვა
დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი ჰილარი კლინტონი იყო, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
ჰილარი კლინტონმა, სიტყვით გამოსვლის დროს, პარალელი გაავლო კამალა ჰარისსა და თავის კარიერას შორის და თქვა, რომ მან, როგორც კამალა ჰარისმა, კარიერა ბავშვების დახმარებით დაიწყო.
“სასამართლოში ყოფნის პირველ დღეს, კამალამ წარმოთქვა სიტყვები, რომლითაც ის დღემდე ხელმძღვანელობს: "კამალა ჰარისი ხალხისთვის". ეს არის ის, რასაც დონალდ ტრამპი ვერასდროს გაიგებს. ასე რომ, გასაკვირი არ არის, როცა ის კამალას კარიერის შესახებ ტყუის. ის დასცინის მას სახელისა და სიცილის გამო - ნაცნობი ამბავია”, - თქვა ჰილარი კლინტონმა.
გავლენიანი დემოკრატი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ამერიკელ ხალხს აქვს არჩევანი “გაერთიანდეს როგორც ერი ან დაიყოს”. კლინტონის აზრით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამაერთიანებელი ფიგურა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისია და არა დონალდ ტრამპი. მისი აზრით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ქალი გახდება და ეს კამალა ჰარისი იქნება.
“როგორც პრეზიდენტი, ის ყოველთვის იქნება ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენთვის იბრძოლებს. ის იბრძოლებს შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შესამცირებლად, ფართოდ გააღებს კარებს კარგად ანაზღაურებადი სამუშაოებისთვის და დიახ - ის აღადგენს აბორტის უფლებას ქვეყნის მასშტაბით“, - თქვა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის პირველ დღეს, ერთ-ერთი მთავარი წამყვანი თემა აბორტის უფლება იყო. ღონისძიების ფარგლებში, რამდენიმე ქალმა საზოგადოებას საკუთარი ისტორია გააცნო. მათ თქვეს, რომ აბორტის უფლებისთვის იბრძოლებენ. კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ აბორტის უფლების ეროვნული მასშტაბით ხელმისაწვდომობაა.
დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება.