„ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა, საქართველოში ვიზიტის შესახებ.
ასევე ნახეთ: სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოს პრემიერი არ ჩანს დაინტერესებული აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელებითსაქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოეთის აგენტების კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ერისთვის, ვიდრე - სარგებელი, ევროკავშირის წევრობისთვის მისი დღისწესრიგის დასაწინაურებლად. ამ გზაზე დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას.“
სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფებოდა რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკ ტერნერი.
„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ [შეერთებულ შტატებში] ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოლიტიკა [საქართველოს მიმართ] არ შეცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია“, - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.
ის ხაზს უსვამს ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ აუცილებელია, არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.
ასევე ნახეთ: შაჰინი: საქართველოს მთავრობამ, "ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა"საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ასევე შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, გაეცნენ "ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს" - USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მუშაობას, დისკუსია გამართეს ქართველ მეწარმეებთან, რომლების ორგანიზაციის დაფინანსებას ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად იღებენ.
გასულ თვეში, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მიესალმნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველთველოს მთავრობა შეერთებული შტატებისგან იღებდა, შეჩერდა.