აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, ამერიკას სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“. ეს განცხადება მან პრემიერთან შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩავიდნენ. შეერთებული შტატების საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.
სენატორმა ისაუბრა იმაზე, რომ ამერიკის მთავრობას აქვს „მთელი რიგი წუხილები“. ამის მაგალითია თბილისის მიერ გაკეთებული თუნდაც ის განცხადება, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, „რაც აბსოლუტური სიცრუეა“.
შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი და მისი მთავრობა საბოლოოდ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობათა გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. დემოკრატმა სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში „ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს.“
კონგრესმენმა მაიკ ტერნერმაც აღნიშნა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების დროს, არ გაჟღერებულა განცხადებები ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის კომენტარები „მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა“.
„არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
ამერიკელი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შაჰინის განცხადებით, მათ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან შეერთებული შტატების დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის თქმით, ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა“. პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის ვერსიით „უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება“.
მისი ეს კომენტარი შეეხებოდა ამერიკელი სენატორის, დემოკრატი ჯინ შაჰინის და რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განუმარტა ამერიკელ პარტნიორებს, თუ რატომ არ შეხვდა მათ. „თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერის თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა თვისებრივად შეცვალოს მიდგომა თბილისის მიმართ. “დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას” - თქვა მან.
„საქართველო არის პატარა ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში.“ - განაცხადა პრემიერმა.
Facebook Forum