სამშაბათს რუსეთის ძალებმა ჩაშალა უკრაინის საზღვარზე შეღწევის მცდელობა, მაგრამ სიტუაცია კვლავ "რთული" რჩება და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თქვა რეგიონის გუბერნატორმა. რუსეთის სამხრეთ კურსკის რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სასაზღვრო ძალებმა მოიგერიეს უკრაინის თავდასხმა.
ასევე ნახეთ: უკრაინამ F-16-ების გამოყენება დაიწყორუსული მედია FSB-ს ციტირებს, რომ რუსული ძალები გაუმკლავდნენ უკრაინის შეიარაღებულ "პროვოკაციას". კიევს ამ განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
Telegram-ის არხმა MASH, რომელსაც კონტაქტები აქვს რუსეთის სახელმწიფო უშიშროებაში, განაცხადა, რომ დაახლოებით 100 უკრაინელი მებრძოლი ცდილობდა რუსეთში შესვლას კურსკის ოლქის სუჯას რაიონში.
სმირნოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ სოფლები უკრაინის მხრიდან "მასიური დაბომბვის" ქვეშ იყო. მისი თქმით, სუჯაში ქალი დაიღუპა, ხოლო მამაკაცი, რომელიც სოფელ ნეხაევკასთან მიკროავტობუსს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა, როდესაც მას დრონი დაეჯახა. მისი თქმით, რეგიონში 13 ადამიანი დაიჭრა.
„საზღვრის რაიონში ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ ჩვენი დამცველები წარმატებით მუშაობენ მტრის განადგურებაზე“, - განაცხადა სმირნოვმა.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა", რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა ცნობები სროლისა და მსხვერპლის შესახებ.
რუსეთის რეგიონები უკრაინის საზღვართან - განსაკუთრებით ბელგოროდი, რომელიც კურსკის მახლობლად მდებარეობს, უკრაინის ომის დროს ხშირად იყო უკრაინული დაბომბვის ქვეშ, ასევე დროდადრო იყო თავდასხმები კრემლის მოწინააღმდეგე რუსი მოხალისეების ჯგუფების მიერ, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.
ბელგოროდის გუბერნატორმა სამშაბათს განაცხადა, რომ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სოფელზე უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად.