უკრაინის მთავრობამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ იი ოფიციალურად მიიწვია. პეკინი აცხადებს, რომ წინადადებით „დაინტერესებულია“. ინფორმაციას, ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: კულება ჩინეთში ამბობს, რომ უკრაინა ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვისუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირაში შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის განმავლობაში, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში გამართული პირველი ვიზიტი იყო.
„ჩვენ მზად ვართ მივესალმოთ მინისტრ ვანგ იის უკრაინაში, რათა უშუალოდ დავანახოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები და გავმართოთ მასთან უფრო ღრმა, ორმხრივი მოლაპარაკებები რიგ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰეორჰი ტიხიიმ, კიევში გამართულ ბრიფინგზე.
პეკინმა, მაისში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს უმასპინძლა. მანამდე, მოსკოვს სტუმრობდა პრეზიდენტი სი ძინ პინი. ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ოფიციალურად, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, თუმცა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2022 წელს, რუსეთთან „ულიმიტო“ პარტნიორობა გამოაცხადა.