15 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა. პრეზიდენტი ითხოვს გაუქმდეს „აგენტების კანონი“, რადგან მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს.
ასევე ნახეთ: ჰანო პევკური: "საით მიდის გვირაბი, რომლის ბოლოსაც საქართველოსთვის სინათლეა?"რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ სარჩელი, დაახლოებით, 18:59 საათზე შევიდა, სამუშაო საათების დასრულებამდე 1 წუთით ადრე. სარჩელი კანცელარიამ დაარეგისტრირა, თუმცა წარმოებაში მიღების საკითხი მოსამართლეთა გადასაწყვეტია.
პრეზიდენტს, ამ დრომდე, არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცენდენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო - ამ დრომდე, მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც უხოეთიდან, მათ შორის, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ არ დარეგისტრირდებიან "ღირსების შემლახავ" რეესტრში და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს.
ასევე ნახეთ: ბრაჟე: "ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს"კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.