ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს, უკრაინა და მისი დახმარების გაზრდა სამიტის ლიდერების ერთ-ერთი უმთავრესი განსახილველი საკითხია. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, მოუწოდებენ მოკავშირეებს, მოუხსნან კიევს ყველანაირი შეზღუდვა დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიშების თაობაზე. “ამერიკის ხმა” ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზეც მსჯელობს და ამბობს, რომ საქართველოსგან იმ ნაბიჯების გადადგმას ელიან, რაც ქართველ ხალხს სურს. მისი თქმით, ევროკავშირისკენ გზა არაა მხოლოდ სიტყვები ან ერთგულების გამოხატვა სიტყვებით და ეს პრაქტიკული ნაბიჯებით მიიღწევა.
- ალიანსი 75 წლის იუბილეს ზეიმობს, თუმცა წელსვე, 20 წელი შესრულდა, რაც ლატვია ნატოს წევრი გახდა, ალიანსის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოების ტალღის ფარგლებში, როგორ ხედავენ თავის უსაფრთხოებას დღეს თქვენი ქვეყნის მოქალაქეები?
ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს".
- ეს სამიტი ჩვენთვის არაა მხოლოდ ზეიმი, ეს საქმის კეთებაა. ჩვენ გადაწყვეტილებათა მთელი წყება მოვამზადეთ ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად... რუსეთის საფრთხესთან გასამკლავებლად, სიტუაციური მზაობის გასაზრდელად... რაც შეეხება შეკავებისა და თავდაცვის ნაწილს, მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია და ეს გვახარებს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ სხვა მოკავშირეებს პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრებათ, და მნიშვნელოვანია ამ სიტუაციის შენარჩუნება.
თუმცა ამასთან, თუკი რუსეთს უკრაინა უკრაინაში არ დაამარცხებს, ეს შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გვჭირდება პოლიტიკა რუსეთის თაობაზე, რომელიც მის შეკავებას და შეზღუდვას და მისი სამხედრო შესაძლებლობების დეგრადირებას გულისხმობს. ესაა ის, რაც ასევე განიხილება.
საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, უკრაინის დახმარების პაკეტი, პრაქტიკული სამხედრო დახმარება, ნატოს გაზრდილი როლი უკრაინის დახმარების კოორდინირებაში, ფინანსური დაპირება ამ შესაძლებლობების მიწოდების თაობაზე, ნატოსთან უკრაინის ჯარის თავსებადობის გაზრდა და ასევე პოლიტიკური ერთგულება იმისა, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. ძალიან ნათელია, რომ საქმეა გასაკეთებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ გავიაზროთ გამოწვევები, გავიაზროთ როგორ ვითანამშრომლოთ და მივიდეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას გაზრდის, რადგან, საბოლოოდ, ნატო - ეს თავდაცვითი ალიანსია.
- ამერიკისა და ნატოს მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინა არ მიიღებს მოწვევას, მაგრამ ეს სამიტი მას წევრობისთვის “ხიდს” შესთავაზებს. გვითხარით, რას გულისხმობს ეს “ხიდი”?
ყასაბს კრემლში იმის იმედი აქვს, რომ დავიღლებით. ეს არ მოხდება".
- პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო იქნება, 2008 წელს უკვე იყო მიღებული. ძალიან მკაფიოდ. ამის ხელახლა და ხელახლა გამეორება საჭირო არცაა. უკრაინის გაწევრიანებისთვის უმთავრესი მისი ამ ომში გამარჯვებაა. და რა იქნება ეს გამარჯვება, ეს თავად უკრაინის გადასაწყვეტია. ნათელია, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის შენარჩუნება საბოლოო მიზანია. ამას უჭერს მხარს ყველა მოკავშირე. სწორედ ამიტომაა სრული მხარდაჭერა უკრაინის დახმარების მიმართ, რომ მას შეეძლოს, თავი დაიცვას. დროა ყველა შეზღუდვა მოიხსნას იმ სამხედრო დახმარებაზეც, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. დროა ძალიან მკაფიოდ განვმარტოთ, განვსაზღვროთ, რომ ჩვენი ამოცანაა: უკრაინის გამარჯვება უკრაინაში.
- ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი უკრაინისთვის მდგრადი და პროგნოზირებადი დახმარების მექანიზმის შექმნაა. როგორ ფიქრობთ, ეს ის ნაწილია, რაც ამ დრომდე მოკავშირეების სტრატეგიას აკლდა? არის ეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომის დაწყებიდან 29 თვის შემდეგაც უკრაინა ბრძოლის ველზე რთულ მდგომარეობაშია და კვლავ ამა თუ იმ იარაღის ნაკლებობაზე საუბრობს?
- ქვეყანას ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, მეზობელი დაესხა თავს. რა თქმა უნდა, ის რთულ მდგომარეობაშია. მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი სამდღიანი ომისთვის ემზადებოდა, ჩვენ კი ომის უკვე მესამე წელიწადში ვართ, უკრაინა თავს იცავს, წარმატებულია ამაში, დაიბრუნა ტერიტორიები და თავდაცვით ომს იგებს კიდეც. ამასთან, ცხადია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, და იმ ფაქტთან გამკლავება, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიის ომს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას წვლილი გვაქვს ამ გამარჯვებაში, ამიტომაა სამომავლოდ მხარდაჭერის პროგნოზირებადობა ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან “ყასაბი” კრემლში სწორედ იმის იმედი აქვს რომ დასავლეთი დაიღლება. ეს არ მოხდება.
კარგი სიახლე ისაა, რომ მოკავშირეებმა გაზარდეს თავდაცვის დანახარჯები, თავდაცვის წარმოება. ამჯერად [ნატოს] უკვე 23 მოკავშირის დანახარჯები აღწევს მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს. რაც ნიშნავს, რომ შესაძლებლობები, რომლებიც ერთი მხრივ თავად მოკავშირეებს და ალიანსსაც სჭირდება, და მეორე მხრივ, უკრაინის მხარდასაჭერად უნდა იყოს გამოყენებული, იზრდება.
- თქვენ ხშირად საუბრობთ სანქციების გამკაცრების, მათი ბელარუსზე უფრო მეტად გავრცელების აუცილებლობაზე. მოკავშირეებმა არაერთი ზომა მიიღეს რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ ის „საომარ ეკონომიკაზე“ გადაერთო და კვლავ ახერხებს სამხედრო აგრესიას. როგორ ფიქრობთ, რა აკლია დასავლეთის სტრატეგიას იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალოს ომის მანქანის დაფინანსების გაგრძელებაში?
გაგვიკვირდა, როცა საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ეს მომენტი აირჩია ამ ტიპის კანონის მისაღებად, რომელიც ინტეგრაციის პროცესს შეანელებდა:.
- ვფიქრობ, ყველა მოკავშირეს თვალი გახელილი აქვს, უკვე დიდი ხანია. ზოგმა ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღო, ვიდრე - სხვებმა, გაიაზრეს რუსეთის საფრთხე და მასთან გამკლავების საჭიროება. მაგრამ, მთელმა ალიანსმა ახლა უკვე ოფიციალურად აღიარა რუსეთი, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხე, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხე. როცა ეს ასეთი მკაფიო სიტყვებითაა ნათქვამი, ამას მოქმედება უნდა მოჰყვეს.
რაც შეეხება უკრაინისთვის შეზღუდვების მოხსნას, მოკავშირეები ამას განიხილავდნენ პირველივე დღიდან: რა შეიძლება მივაწოდოთ უკრაინას, რომ ნატო ომის მხარედ არ იქცეს. ცხადია უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს ქარტია განსაზღვრავს. 51-ე მუხლი გულისხმობს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი დისკუსია საჯარო გახდა, ზოგი - არა. ზოგი აწვდის კიევს დახმარებას და საუბრობს ამაზე, ზოგიც არ საუბრობს. სხვადასხვა მიდგომაა იარაღის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკრაინა წარმატებული უნდა იყოს, ბრძოლის ველზე გამარჯვებით, საკუთარი თავის დაცვით და რუსების განდევნით.
რაც შეეხება “საომარ ეკონომიკას”, დემოკრატიული ქვეყნებისთვის ამ ყველაფერს უფრო დიდი დრო სჭირდება, ეს განსხვავებული სისტემაა. ძალაუფლების ვერტიკალში და “ყასაბმა” კრემლში მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები და განახორციელა კიდეც. თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, მიუხედავად მისი პროპაგანდისა. რადგან ვერ შეძლებ ყველაფერი საომარ ძალისხმევად აქციო მომავალი წლების განმავლობაში....... ეს არაა მხოლოდ მაღალი ინფლაცია, დაბალი პროდუქტიულობა, ან კლებადი ექსპორტი, თუ შემოსავალი რუსეთის ბიუჯეტში, ეს შიდა ეკონომიკის მოდელია, რომელიც არ მუშაობს. ეს მოხდება... რუსეთი ვერ შეძლებს ამ ომის საჭიროებები სამუდამოდ უზრუნველყოს.
- ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნა, საქართველოს კი ევროსაბჭო აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მიცემული რეკომენდაციების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, ნაბიჯები უკან. საბჭომ დაასკვნა, რომ მმართველმა გუნდმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ზრახვები იმით, რომ შეცვალოს მოქმედების ის კურსი, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ამ გადაწყვეტილებამდე, თქვენ თბილისშიც იყავით. რას ნიშნავს ეს ამ გზაზე მყოფი საქართველოსთვის?
სამწუხაროდ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც "უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი და სხვა კანონებია, რომელთა გამოც, სამწუხაროდ საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, სადაც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ".
- ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის, შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას… ასევე იმას, რომ უნდა იყო შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროპულ პრინციპებთან. საქართველოს გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მაგრამ, მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის, რომ [გაწევრიანების თაობაზე] მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
სამწუხაროდ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს ნაბიჯები და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც იყო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”, უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი და სხვა კანონებიც, რომლებიც ბადებს კითხვებს ევროკავშირის წევრებს შორის; რომელთა გამოც, სამწუხაროდ საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, სადაც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ.
ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელშია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 80 %-ს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი იყოს, ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაბეჭდილი. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც ამას ემხრობა. ამიტომ, რატომ უნდა გააკეთო ახლა, რაღაც ასეთი, [ამის] საპირისპირო, ჩემთვის გაუგებარია.
- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, თქვით, რომ ბოლოდროინდელი კანონებით საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან უხვევს. თუმცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს კანონი სწორედაც ევროპული ღირებულებებით და მხოლოდ გამჭვირვალობის სურვილითაა ნაკარნახევი. რა არის თქვენი აზრით ამ კანონში არაევროპული?
- არსებობს ამ კანონის ძალიან მკაფიო და დეტალური ანალიზი. არა მხოლოდ ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც აფასებს მნიშვნელოვან კანონებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ლატვიაში თუ სხვაგან. არამედ, ასევე, არსებობს ევროპული კომისიის დასკვნაც, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ქვეყნის ნაბიჯების შეფასებაზე. იქნებიან ეს ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ, თუ თავის ევროპულ გზაზე დაწინაურებას.
ძალიან მკაფიო მითითებები იყო, რომ იმ 9 რეკომენდაციიდან სულ მცირე 3 ახლა არ შეესაბამება იმას, რაც უნდა იყოს. და ეს ამ კონკრეტული კანონებიდან გამომდინარეობს.
- როგორ ჟღერს თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ თუ “გლობალური ომის პარტიაზე” საუბარი?
- ეს ჟღერს როგორც ნონსენსი.
- ხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს?
- ევროკავშირისკენ გზა არაა მხოლოდ სიტყვები ან ერთგულების გამოხატვა სიტყვებით. ეს პრაქტიკული ნაბიჯებია. ძალიან დეტალური, საკანონმდებლო გზა, იმ ინსტიტუტების ადაპტირება, რომლებიც უნდა გქონდეს, რომ წევრობის ვალდებულებები შეასრულო.
ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ და 2004 წელს შევუერთდით ევროკავშირს, ეს ყოველთვის ადვილი არაა, და არსებობს რთული სიტუაციები ამ გზაზე, რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ლატვიის პერსპექტივიდან გეტყვით, რომ ეს არც ასეთი რთული ჩანდა. [ამიტომ] ჩვენ გაგვიკვირდა, როცა საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ეს მომენტი აირჩია ამ ტიპის კანონის მისაღებად, რომელიც ინტეგრაციის პროცესს შეანელებდა. იმედია, ის სრულად გაჩერებული არაა და ჯერ კიდევ არის ამ გზაზე დაბრუნების დრო. კიდევ ბევრი რთული გადაწყვეტილება იქნება ამ გზაზე, რომელსაც კანდიდატი ქვეყნები გადიან და ვერ იწინასწარმეტყველებ, რა გახდება პოლიტიკური დაბრკოლება.
- ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვინც მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობს. პენტაგონმა სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე? და რა გავლენას მოახდენს შემცირებული სამხედრო ჩართულობა იმ ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებზე, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?
ევროკავშირისკენ გზა არაა მხოლოდ სიტყვები ან ერთგულების გამოხატვა სიტყვებით. ეს პრაქტიკული ნაბიჯებია.
- ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყოველთვის საქართველოს უდიდესი და უახლოესი მხარდამჭერები ვიყავით. და ამად ვრჩებით როგორც ევროკავშირის, ისე - ნატოში ინტეგრაციისკენ გზაზე. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს პარლამენტი ან მთავრობა.
საქართველოს წარმატებით ბევრი რამ დევს სასწორზე. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი, ადამიანური რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოს წარმატებაში წვლილი შეგვეტანა. ასე რომ, ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს.
მაგრამ, ეს გადაწყვეტილებათა მიღების სუვერენული პროცესია და მე ვერავის ვეტყვი, რა გააკეთოს და რა - არა. მხოლოდ იმ ერთგულების გამოხატვა შემიძლია, რაც საქართველოს მხარდაჭერის მიმართ გაგვაჩნია ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად და მისთვის საუკეთესო მომავლის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს არჩევანია, პოლიტიკური არჩევანი - საქართველოს მთავრობის პოლიტიკური არჩევანი.