მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ორშაბათს მიიღებს განჩინებას, ფლორიდაში და ტეხასში რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილი კანონების თაობაზე. ეს კანონები გამიზნულია იმისთვის, რომ მედიაკომპანიები შეზღუდოს, საკუთარ პლატფორმებზე არ დაუშვან მასალა, რომელსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ. ეს კომპანიები ირწმუნებიან, რომ კანონები ამ ბიზნესების სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
მოსამართლეებს სთხოვეს გადაწყვიტონ, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ეს ორი კანონი კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან, რომელიც სიტყვის თავისუფლებას მთავრობის მხრიდან შეზღუდვისგან იცავს. 2021 წელს მიღებულ კანონებს, შეუძლია სოციალური მედიის დიდი პლატფორმების მიერ მასალების მოდერაცია შეზღუდოს.
კანონები გაასაჩივრეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ჯგუფებმა, რომლის წევრებიც არიან „ფეისბუქის“ მშობელი კომპანია „მეტა პლატფორმს“, „ალფაბეტის“ „გუგლი“, რომელიც „იუთუბს“ ფლობს და ასევე „ტიკ-ტოკი“ და „სნაპჩეთის“ მფლობელი „სნაპ“.
ასევე ნახეთ: უზენაესი სასამართლო სოციალური მედია კომპანიების მიერ კონტენტის რეგულირების საკითხს განიხილავსქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ამ საკითხზე, მოსაზრება გაიყო. ფლორიდის კანონის საკვანძო პირობები დაიბლოკა, ტეხასის კანონი კი დაადასტურეს. სამართლებრივი დავის გამო არცერთი კანონი ძალაში არ შესულა.
მთავარი საკითხია, იცავს თუ არა კონსტიტუციის პირველი შესწორება მედია პლატფორმების სარედაქციო თავისუფლებას და უკრძალავს თუ არა მთავრობას, კომპანიები აიძულოს მასალები მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოაქვეყნონ. კომპანიებმა თქვეს, რომ ასეთი სარედაქციო თავისუფლების გარეშე, მათ შორის მასალების ან მომხმარებლების დაბლოკვით და მოცილებით, გარკვეული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით ან დამატებითი კონტექსტის დართვით, მათ ვებგვერდებს „სპამი“, „ბულინგი“, ექსტრემიზმი და სიძულვილის ენა წალეკავს.
ბევრი რესპუბლიკელი ამტკიცებდა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები მასალის მოდერაციის ნიღბით კონსერვატიულ ხმებს ახშობდნენ და ამას ცენზურა უწოდეს.
ბაიდენის ადმინისტრაცია ფლორიდის და ტეხასის კანონებს ეწინააღმდეგებოდა და ირწმუნებოდა, რომ მასალების მოდერაციის უფლების შეზღუდვები კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევს იმით, რომ პლატფორმებს აიძულებს წარმოადგინოს და დააწინაუროს მასალა, რომელსაც მიუღებლად მიიჩნევს.
ფლორიდა და ტეხასი ამტკიცებენ, რომ ამ კომპანიების მიერ მასალების მოდერაცია კონსტიტუციის პირველი შესწორებით არ არის დაცული, რადგან ეს საქციელი თავისთავად სიტყვა არ არის.