უკრაინაში, ოჯახი უკვე თვეზე მეტია, 24 წლის ვალერი ქარჩხაძეს, მამით ქართველს და დედით უკრაინელ მებრძოლს ეძებს. უკრაინის არმიის, ნიკოლაევის 79-ე ცალკეული სადესანტო-საშტურმო ბრიგადის (79 окрема десантно-штурмова Таврійська бригада) ჯარისკაცი, საბრძოლო საძახისით, „ქართველი“, მაისის შუა რიცხვებში, დონეცკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
"საქართველოში არ იყო ნამყოფი, მაგრამ ვალერი ქართველობდა, სულ ამბობდა, მე ქართველი ვარო. ვერ მოხერხდა, რომ ვალერის მისი წინაპრების მიწა ენახა. ჯერჯერობით, ისევ დაკარგულია, დედამისმა ჯერ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ ნახა, კიდევ გვაქვს იმედი რო ღმერთი არ გაგვწირავს და გამოჩნდება"მარიკა ქარჩხაძე, ვალერი ქარჩხაძის მამიდა
როგორც დედა ნატალია ქარჩხაძე ამბობს, „ვალერი ბოლოს კავშირზე 18 მაისს გამოვიდა. 21 მაისიდან კი, როცა მისი ქვედანაყოფი საბრძოლო დავალებას, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ასრულებდა, მასთან კავშირი გაწყდა. სავარუდოდ, იგი სოფლების ნოვომიჰაილოვჰკასა და პარასკოვიევკას შორის არსებულ ბუფერულ ზონაში დაიკარგა“.
მდინარე სუჰი იალისთან ახლოს, სოფელ ნოვომიჰაილოვჰკაზე კონტროლი უკრაინის არმიამ სწორედ მაისის ბოლოს დაკარგა, თუმცა 79-ე ცალკეული სადესანტო-საშტურმო ბრიგადა ამ დრომდე ინარჩუნებს პოზიციებს სოფელ პარასკოვიევკაში, რომლის აღებას ოკუპანტები თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ.
ეს პოზიცია აღმოსავლეთის ფრონტის, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინის არმიის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ უჰლედარსა და რუსი ოკუპანტების მიერ ანექსირებულ ქალაქ მარინკას შორის მდებარეობს.
ვალერი ქარჩხაძე უკრაინაში დაიბადა და დასთან ერთად ქალაქ ვინიცაში იზრდებოდა. მოგვიანებით, საცხოვრებლად კიევში გადავიდა. იგი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა სანათესაო იმერეთში ჰყავს. ოჯახმა ვალერის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიით გაავრცელა და დახმარებას ითხოვს.
"ჩემი ძმა ადრეულ ასაკში წავიდა უკრაინაში და ოჯახი იქ შექმნა, ორი შვილი შეეძინათ. ვალერი უკრაინაში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი, ვალერი ქართველობდა, სულ ამბობდა, მე ქართველი ვარო" - უთხრა "ამერიკის ხმას" ვალერის მამიდამ მარიკა ქარჩხაძემ.
"თავიდან საშუალება არ იყო ამიტომ ვერ ჩამოვიყვანეთ, შემდეგ მე წამოვედი, 12 წელია, იტალიაში ემიგრაციაში ვარ, შემდეგ მამამისი გარდაიცვალა და ამის გამო, ვერ მოხერხდა, რომ ვალერის საქართველო და მისი წინაპრების მიწა ენახა. ჯერჯერობით, ისევ დაკარგულია, დედამისმა ჯერ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ ნახა, კიდე კარგი ჩემი ძმა არ ტრაგედიას ვერ მოესწრო. კიდე გვაქვს იმედი რო ღმერთი არ გაგვწირავს და გამოჩნდება" - ამბობს მარიკა ქარჩხაძე.
უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში. 50 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა შეყვანილი, აქედან 37858 უკრაინელი, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ დაიკარგა
ვინაიდან ქარჩხაძეს ამ ეტაპზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს, იგი ავტომატურად მოხვდა, უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში.
უკრაინამ ეს რეესტრი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, შარშან ოქტომბერში აამუშავა. 2024 წლის ზაფხულისთვის, რეესტრში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 50 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა შეყვანილი, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. აქედან 37858 უკრაინელი, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ დაიკარგა.
ივნისის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვმა უკვე 84 მიაღწია. 27 ივნისს, ავდიივკას მიმართულებაზე, ქართველ მოხალისეთა დაჯგუფება, სპეციალური დანიშნულების დანაყოფის „თბილისის“ მებრძოლი, 43 წლის ბათუმელი ამირან ზოიძე დაიღუპა. მისი ცხედარი ჯერ ბრძოლის ველიდან გამოსვენებული არ არის.
„ამირანი იყო ადამიანი რომელსაც სჯეროდა რომ ეს უსამართო ომი უნდა დასრულებულიყო და ჩვენი ვალი ამ ომში ძალზედ დიდია რადგან რუსეთი ჩვენი საერთო მტერი იყო ყოველთვის . დავკარგე მამუკა, ნიკა მიშა, დათო...ასობით ქართველი, მაგრამ ღირსებას არასდროს დავკაკარგავთ, არასდროს დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს და იმის იმედს რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“ - ამბობს თანამებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.
„ამირანი იყო ადამიანი რომელსაც სჯეროდა რომ ეს უსამართო ომი უნდა დასრულებულიყო და ჩვენი ვალი ამ ომში ძალზედ დიდია, რადგან რუსეთი ჩვენი საერთო მტერი იყო ყოველთვის"
თანამებრძოლების ინფორმაციით, ამირან ზოიძე ბოლოს პოლონეთში ცხოვრობდა და რამდენიმე თვის წინ შეუერთდა, ქართველი მოხალისეების სპეცდანაყოფ "თბილისს", რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების, 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის ნაწილია.
რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 72 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ამ დრომდე, რუსი აგრესორების ტყვეობაში უკრაინის არმიის 9 ქართველი მებრძოლი რჩება. აქედან: 4 - საქართველოს, ხოლო 5 - უკრაინის მოქალაქეა.
Your browser doesn’t support HTML5