კიევს ნატოს სამიტზე "მტკიცე" გადაწყვეტილების ხილვა სურს

უკრაინას სურს იხილოს "მტკიცე" გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ნატოს სამიტზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ კიევის მიზანია, დაწინაურდეს სტრატეგიული მინზისკენ, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი, 9-12 ივლისს უმასპინძლებს.

იჰორ ჟოვკვა ამბობს, რომ კიევის სურვილია, სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდეს.

"ვფიქრობ, ეს სამიტი იმსახურებს მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, რომ თუ თქვენ არ გაქვთ მტკიცე გადაწყვეტილებები უკრაინასთან დაკავშირებით, სამიტი უსარგებლო იქნება", - თქვა ზელენსკის მრჩეველმა.

ასევე ნახეთ: ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი - რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს?


მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამგვარ გადაწყვეტილებაში. თავად პრეზიდენტი ზელენსკი კი მიიჩნევს, რომ სამიტზე უნდა გადაწყდეს ალიანსში უკრაინის მიწვევის საკითხი.

როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი არ მოელის, რომ სამიტზე ალიანსის 32 წევრი ქვეყანა, ომში მყოფ უკრაინას წევრობისთვის მიიწვევს. თუმცა, იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს სამიტი შეძლებს იმის დემონსტრირებას, რომ უკრაინა ალიანსის წევრობას უახლოვდება.

მოკავშირეები განიხილავენ სამიტის განცხადების შესაძლო ტექსტს, რომელმაც შეიძლება გააგზავნოს სიგნალი, როგორიცაა დეკლარაცია, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ "შეუქცევადია".