საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.
ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები „საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ორშაბათ დილას განაცხადა, რომ საბჭოზე გაიმართება „საორიენტაციო დებატები“ საქართველოზე, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ მიიღებენ.
„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
„ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან თუნდაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მან.
„ჩვენ არ გვინდა, სამოქალაქო პირებზე იყოს [ჩვენი საპასუხო ქმედებების] გავლენა. არ გვინდა მეტი ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს. მაგრამ, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩამოთვლილია და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს ჩემს შეთავაზებაზე“, - თქვა მან.
ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რომლებსაც იგი დღეს მინისტრებს შესთავაზებს, როგორც მოკლევადიან ზომებს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ: უმაღლესი რანგის პირების ვიზიტების შემცირება; დახმარების, მათ შორის, სამხედრო სფეროში დახმარების შეჩერება და ა.შ.
ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.
ევროკომისიამ, 2024 წლის 7 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ზეპირი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის თანახმად, ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა რეფორმა, რომლებიც რეკომენდაციებში იყო გაწერილი, რაც დიდწილად კანონის უზენაესობის საკითხებს ეხებოდა.
ევროკავშირი უკრაინასთან და მოლოდვასთან გაწევრების მოლაპარაკებებს 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს.
საქართველომ 2022 წელს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - იგი კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ 2023 წელს გახდა.
საქართველო ორ ქვეყანას დღემდე ჩამორჩება ინტეგრაციის გზაზე.
ვითარება გააუარესა „აგენტების კანონმა“, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას აშორებს.