შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი თავის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლოზე ჩვენებას არ მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს. ბაიდენს ბრალად ედება, 2018 წელს, იარაღის შეძენის დროს იმის დამალვა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
ორშაბათს ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა აბე ლოველმა მიანიშნა, რომ მისი კლიენტი ჩვენებას არ მისცემს და მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს ინსტრუქციას მისცემს, რომ ეს მისი საწინააღმდეგო აზრის შესაქმნელად არ უნდა გაითვალისწინონ. მსაჯულები ინსტრუქციას დღეს, მოგვიანებით მიიღებენ.
პროკურორებმა საქმის წარმოდგენა პარასკევს დაასრულეს. ერთი კვირის განმავლობაში მოისმინეს ჩვენებები, რომელმაც უმცროსი ბაიდენის ალკოჰოლზე და კრეკ კოკაინზე წლების განმავლობაში დამოკიდებულება წარმოაჩინა. პროკურორები ამბობენ, რომ ეს გარემოება მას იარაღის შეძენას კანონით უკრძალავდა.
ასევე ნახეთ: გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს, ბრალი ბაიდენის შესახებ სიცრუეში წაუყენეს54 წლის ჰანტერ ბაიდენმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ორივე სისხლის სამართლის ბრალდებაზე, რომ იცრუა „კოლტ კობრა“ რევოლვერის შეძენისას ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ და 11 დღის განმავლობაში იარაღს უკანონოდ ფლობდა.
ბაიდენის ადვოკატმა აბე ლოველმა გამხსნელი სიტყვის დროს ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ მის კლიენტს სიცრუე არ განუზრახავს, რადგან იარაღის შეძენის დროისთვის „სუფთა“ იყო და თავს ნარკოტიკების მომხმარებლად არ მიიჩნევდა.
დაცვამ პარასკევს სამი მოწმე იხმო, მათ შორის იარაღის მაღაზიის მეპატრონე, თანამშრომელი და ჰანტერ ბაიდენის ქალიშვილი ნაომი, რომელმაც თქვა, რომ კვირების განმავლობაში, იარაღის შეძენის წინ და მის შემდეგ, მამამისი კარგად იყო.
ბაიდენის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები 15-დან 21 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავს საქმეებზე ბრალდებულები ხშირად უფრო ხანმოკლე პატიმრობით ისჯებიან და ნაკლებად სავარაუდოა ციხეში აღმოჩნდნენ, თუ სასამართლომდე არდაკავებისთვის დათქმულ პირობებს შეასრულებენ.