ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რათა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას დაარტყან, ნამდვილად საპასუხო შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. ვლადიმირ პუტინმა მანამდე თქვა, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით, დასავლეთის მტრების შეიარაღებაზე ფიქრობს.
ოთხშაბათს, სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების უფროს რედაქტორებთან საუბრისას, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვი ფიქრობს დასავლეთის მტრებს მთელ მსოფლიოში მიაწოდოს მოქმედების დიდი რადიუსის მქონე იარაღი, იმის მსგავსი, რასაც დასავლეთი უკრაინას აძლევს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: მეტი შორი მოქმედების იარაღი გვჭირდება
პუტინმა თავის კომენტარებში ახსენა მოქმედების დიდი რადიუსის მქონე რაკეტები, რომელსაც უკრაინას შეერთებული შტატები და ბრიტანეთი აწვდიან და მიანიშნა, რომ შესაძლოა შეაიარაღოს ძალები, რომლებიც ამ ქვეყნების საზღვარგარეთულ ინტერესებს ებრძვიან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა მოსკოვის გეგმებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა დ ამბობს, რომ პუტინის სიტყვები რუსეთის საგარეო პოლიტიკაში „ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას“ წარმოადგენს.
თავის „ტელეგრამის არხზე მედვედევმა გამოაქვეყნა: „დაე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ახლა იგრძნონ მესამე მხარეების მიერ რუსული იარაღის პირდაპირი გამოყენება. ეს პირები ან რეგიონები შეგნებულად არ სახელდებიან, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ ნებისმიერი, ვინც „პინდოსტანს“ (აშშ-ის დამამცირებელი რუსული სიტყვა) და მის ამხანაგებს საკუთარ მტრად მიიჩნევს. მათი პოლიტიკური შეხედულებების და საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, შეერთებული შტატები მათი მტერია და ამიტომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.“
მედვედევმა ისაუბრა, როგორც თვითონ უწოდა, აშშ-ის და მისი მოკავშირეების კუთვნილ „მგრძნობიარე ობიექტებზე“, რომლებიც „მესამე მხარის“ მიერ რუსული რაკეტებით დარტყმის შედეგად დაიწვება.