უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი, მაგრამ მეტი შორი მოქმედების იარაღი სჭირდებათ. ვოლოდომირ ზელენსკიმ ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრსას განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს საკმარისი იარაღი. რაც არ გვაქვს საკმარისი არის იარაღი, რომელიც ნამდვილად ხვდება იმ დიაპაზონზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება რუსეთის ფედერაციის აღჭურვილობის უპირატესობის შესამცირებლად", - თქვა ზელენსკიმ ონლაინ პრეს ბრიფინგზე, რომელიც დანიური გამოცემის, "Berlingske Media"-ს მიერ იყო ორგანიზებული.
გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 700 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ იარაღისა და აღჭურვილობის სია, რომელსაც პაკეტი მოიცავს. მათ შორისაა, - მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალა, კონტრსაარტილერიო და საჰაერო სათვალთვალო რადარები.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ამ ფაზაში, კრემლის მთავარი სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი სევეროდონეცკია. 13 ივნისს, უკრაინის გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრი უკრაინულმა ძალებმა დატოვა. შტაბის ცნობით, რუსული ძალები ქალაქის ცენტრს არტილერიით ბომბავდა.
"ოკუპანტების უმთავრესი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა. ისინი სევეროდონეცკს უტევენ. იქ სასტიკი ბრძოლა გრძელდება, არსებითად თითოეული მეტრისთვის" - განაცხადა გაერთიანებული შტაბის განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ბრძოლაში რუსეთი ბევრ ახალგაზრდა და გამოუცდელ ჯარისკაცს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს.