უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაიჭირა რუსეთის ორი აგენტი, რომლებიც ვლადიმირ პუტინისთვის, მის საინაუგურაციო „საჩუქრად“, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების მკვლელობებს გეგმავდნენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (ეფ ეს ბე) გადაიბირა და ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოსკოვს გადასცემდნენ.
მათ დაავალეს მოეძებნათ პრეზიდენტის დაცვასთან ახლო მყოფი ვინმე, ვინც ზელენსკის მძევლად აიყვანდა და მოგვიანებით მას მოკლავდა, ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, თუმცა არ არის განმარტებული თუ სავარაუდო გეგმა როდის ჩაიშალა.
ასევე ნახეთ: უკრაინა: "დაკავებულია ორი პირი, ვინც თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა"„ტერორისტული თავდასხმა, რომელიც პუტინისთვის საინაუგურაციო საჩუქარი უნდა ყოფილიყო, ნამდვილად რუსული სპეცსამსახურების წარუმატებლობა იყო“, თქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა.
მოსკოვს ამ თემაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
გასულ თვეში კრემლმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა, როდესაც დაუსვეს კითხვა პოლონეთში მამაკაცის დაპატიმრებაზე, რომელსაც ბრალად რუსულ დაზვერვასთან მუშაობა ედებოდა, რათა ზელენსკის შესაძლო მკვლელობა მოემზადებინა.
უკრაინის ლიდერმა გასულ შემოდგომაზე თქვა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურმა, მისი მკვლელობის სულ ცოტა ხუთი რუსული მცდელობა ჩაშალა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული საჯაშუშო ჯგუფი მალიუკის და სამხედრო დაზვერვის უფროს, კირილო ბუდანოვის „ლიკვიდაციასაც“ გეგმავდა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა იქვე დაამატა, რომ ბუდანოვის მკვლელობა მართლმადიდებლური აღდგომის წინ იგეგმებოდა.
უშიშროების სამსახურის ცნობით, აგენტებს რუსული მხარისთვის ბუდანოვის ადგილმდებარეობა უნდა შეეტყობინებინათ, რათა იმ ადგილზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა მოეხდინათ. ერთ-ერთი დაპატიმრებული, ამ ოპერაციისთვის განკუთვნილი დრონების და ასაფეთქებელი მასალების ტრანსპორტირებაში იყო ჩართული.