83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ მისცა.
განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხლა-შემოხლაც მოხდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის მომხსენებელს შესთავაზა, რომ „უცხო ძალის“ ნაცვლად, ჩაიწეროს რუსეთი და მას ყველა დაუჭერს მხარს.
პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ გააპროტესტა კანონპროექტის ამოქმედების ვადები, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება ორგანიზაციებს ექნებათ 2023 წლის შემოსავლების მიხედვით.
„გარდამავალი დებულება ითვალისწინებს, რომ კანონს მიეცეს უკუძალა... კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ არ შევიდეთ, ის არ უნდა შეეხოს შარშანდელ და შარშანწინდელ დაფინანსებას“, - თქვა შავგულიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საუკეთესო გამოსავალია, რომ კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს მისი ბედი. მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა ე.წ. „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობდა და სხდომის დასრულების შემდეგაც გრძელდება. "ქართული ოცნების" დეპუტატები დემონსტრანტებმა პარლამენტიდან საპროტესტო შეძახილებიტ გააცილეს.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით მთავრობის მიერ მეორედ წარმოდგენილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმის წარმომადგენლები დემონსტრანტებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.