პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. „აგენტების კანონის“ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ კანონის მიღებას ვერაფერი შეაჩერებს.
„სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას, ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით - ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ, ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ: მილერი: "ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით"პრემიერის აზრით, საქართველოს სუვერენიტეტს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებით აქვს. „შეგნებულად, თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ, შეგნებულად, ობიექტური მიზეზების გამო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა, სხვადასხვა მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზე და არაკეთილსინდისიერ სუბიექტებზეც.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები გააკრიტიკა.
„სამწუხაროა, რომ არცერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი. ვნახეთ შოლცის, სტოლტენბერგის განცხადება. დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი. გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? - ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი", - თქვა მან და დასავლელ დიპლომატებს კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა.
პრემიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ
ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტების კანონი" პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 17 აპრილს, პირველი მოსმენით მიიღო.
ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებასსაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს. „კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“, - თქვა ზურაბიშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრი, ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის ამ განცხადებას: "სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია", - თქვა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, უნდა დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით, "რეალურად, რეფერენდუმი იქნება".
„რაც შეეხება კანონის სახალხო ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის, პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ: „საერთაშორის ამნისტია“: პოლიციამ, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარაე.წ. „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ. ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“. წუხელ, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ თბილისში, 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე, 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ასევე ნახეთ: ამერიკის სავაჭრო პალატა კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებსსაქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. "აგენტების კანონი" ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია, არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ევროინტეგრაციას და განსხვავდება რუსეთში მოქმედი კანონმდებლობისგან.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“, კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.