"უცხოური გავლენის გამჭვირვალობა" თუ "შემზღუდავი კანონი" - შეფასებები ვაშინგტონიდან

საპროტესტო აქცია თბილისში, 9 აპრილი, 2024

საქართველოს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღებას. კანონპროექტი, რომელმაც ერთი წლის წინ ქვეყნის შიგნით მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, ქვეყნის გარეთ კი - მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, თითქმის უცვლელად, კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლება ამბობს, რომ ის სიტყვა „აგენტებს“ აღარ გამოიყენებს, და რეგულაციების სამიზნე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“ იქნებიან. პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად დაეხმარება „გაევროპულებაში“, რადგან მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ამერიკელი ექსპერტების შეფასებებით, ეს მაინც „რუსული სტილის კანონია“, რომლის მიზანი და საჭიროებაც, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე და ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, სრულიად გაუგებარია.

“არა რუსულ კანონს!“ - სამოქალაქო აქტივისტები ამ მოწოდებით ქუჩაში 13 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. კანონპროექტი სიტყვა „აგენტს“ აღარ იყენებს, თუმცა იგივე რედაქციის თანახმად, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, მათ შორის მედიასაშუალებებიც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად უნდა დარეგისტრირდნენ“. ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან შემოთავაზებული კანონპროექტის “რუსულ კანონად” მოხსენიებას. თუმცა სწორედ რუსულ რეპრესიულ კანონმდებლობასთან მსგავსებაა ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი.

ჯონ ჰერბსტი, ყოფილი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ კანონპროექტისადმი "დემოკრატიულად განწყობილ მოქალაქეთა" პროტესტი სრულებით გასაგებია:

"ეს კანონი ძალიან ჰგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მოსკოვმა მიიღო და რომელმაც მისცა ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობა შეეზღუდა დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები", ამბობს ჯონ ჰერბსტი და განმარტავს, რომ მოვლენები შემაშფოთებელი კურსით ვითარდება. "ეს ისე გამოიყურება, როგორც მოძრაობა ისეთი მიმართულებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება მიგვიყვანოს დამოუკიდებელი აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამდე".

Your browser doesn’t support HTML5

"გამჭვირვალობა" თუ "რუსული სტილის კანონმდებლობა" ?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად დაეხმარება „გაევროპულებაში“, რადგან მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი ექსპერტების შეფასებებით, ეს მაინც „რუსული ტიპის კანონია“, რომლის მიზანი და საჭიროებაც, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, სრულიად გაუგებარია.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში "უცხოეთის აგენტებზე" კანონპროექტთან დაკავშირებით

"ჰადსონის ინსტიტუტის" ევროპისა და ევრაზიის პოლიტიკის საკითხების უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის დამაბნეველი და გაუგებარია, რატომ იყო საჭირო მასშტაბური სახალხო პროტესტის შემდეგ ამ კანონპროექტის თავიდან წარდგენა, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის და ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება.

ეს ყველაფერი იმის შიშით ხდება, რომ თუკი დაუშვებ გარკვეული დემოკრატიულ პრაქტიკას, მაშინ არჩევნებში დამარცხების რისკს იქმნი. და ეს სამწუხარო ტენდენციად იქცაა, რომელიც უფრო შესამჩნევი გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში",
- ჯონ ჰერბსტი

“ჩემთვის ამ ყველაფრის დროულობა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს წარმოშობს. არც ისე დიდი ხნის წინ შესთავაზა მთავრობამ ხალხს ეს კანონპროექტი და მას შემდეგ, რაც ათობით ათასი ქართველი ქუჩებში გავიდა, ის უკან გაიწვიეს. ახლა კი მისი თავიდან წარმოდგენა საარჩევნო წელს, ასევე მაშინ, როცა მოახლოებულია ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება და ნატოს ივლისის უმნიშვნელოვანესი სამიტი, ამ ყველაფრის დრო ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არ მესმის პოლიტიკური სტრატეგიის კუთხითაც: არ მესმის, რატომ შეიძლებოდა ახლა ამ კანონის დაბრუნება. ვინ იცის... მაგრამ ვნახავთ, როგორ გავლენას მოახდენს ეს ამ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე”, - ამბობს ლუკ კოფი.

კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზმაც".

"თუკი ამ კანონპროექტს მიიღებენ, "უცხო ქვეყნის აგენტების სესახებ კანონი დაამსგავსებს საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთს - ავტოკრატიებს, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაენადგურებინათ - და იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციიდან", - აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში "უცხოეთის აგენტებზე" კანონპროექტთან დაკავშირებით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც ხაზგასმით და რამდენჯერმე განმარტა, რომ ეს კანონი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელს შეუშლის. გამოხმაურებამ არც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან დააყოვნა. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ დემოკრატიულ მთავრობას ამგვარი - “რუსული სტილის” - რეგულაციების შემოღების მიზეზი, წესით, არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს მთავრობას უკეთესი წარსული პრაქტიკა რომ ჰქონდეს: რომ არ ეცადა ოპოზიციის შეზღუდვა, არ ეცადა სამოქალაქო საზოგადოებაზე წნეხი, მაშინ, შესაძლოა, ჩვენც ისევ დაგვეჯერებინა მათი სიტყვების, რომ ეს [კანონპროექტი] ისეთი უწყინარია, როგორც ისინი გვეუბნებიან",
- ლუკ კოფი

„წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბრუნებს უხოეთის აგენტის შესახებ კანონს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ეს მსგავსია იმ კანონებისა, რომელსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. დემოკრატიულ ხელისუფლებას საქართველოში, ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს... ეს კანონპროექტი, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს წაიყვანს არასწორი მიმართულებით, არამედ, ასევე ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში... ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება", - ვკითხულობთ სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მტკიცედ იმეორებენ, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ რეგულაციებთან და სინამდვილეში ამერიკულ და ევროპულ პრაქტიკას ასახავს. მაგრამ ექსპერტების ნაწილი ვაშინგტონში ამ შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამერიკული კანონმდებლობის მოქმედება ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოშია წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი, ნაკლებ დემოკრატიული ნაბიჯები კი მის მიმართ მეტ ეჭვსა და უნდობლობას აჩენს როგორც ამ კანონის მიზნების, ისე - მისი სამომავლო გამოყენების თაობაზე.

"საქართველოს მთავრობას უკეთესი წარსული პრაქტიკა რომ ჰქონდეს: რომ არ ეცადა ოპოზიციის შეზღუდვა, არ ეცადა სამოქალაქო საზოგადოებაზე წნეხი, მაშინ, შესაძლოა, ჩვენც ისევ დაგვეჯერებინა მათი სიტყვების, რომ ეს [კანონპროექტი] მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობას შეეხება და არავის არაფერი აქვს სანერვიულო", - ამბობს კოფი და დასძენს, რომ ხელისუფლების "განმეორებითი შემზღუდავი ნაბიჯები" ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, ართულებს მმართველი გუნდის გაცხადებული მიზნების თაობაზე:

"პრობლემა ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რიტმულ განმეორებით ნაბიჯებს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციის ჯგუფებისა და ოპოზიციის შეზღუდვის კუთხით, იმგვარად, რომ ეს მიგვითითებს, შესაძლოა ეს კანონმდებლობაც არ იყოს ისეთი უწყინარი, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ იქნება. ამიტომ არსებობს ეს შეშფოთება", - მიიჩნევს "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი.

ლუკ კოფის აზრით, ამ კანონპროექტს შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს საქართველოს მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამასთან, მაშინ, როცა საპარლამენტო უმრაავლესობის ლიდერი შეერთებული შტატებისგან ქართველ მოსამართლეებზე დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს, "არათუ არსებულის მოხსნა, არამედ ახალი სანქციებიც კი შესაძლებელია." კოფი განმარტავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის, თუ ვინ აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. "ვერ ვხედავთ, რომ პრო-კრემლისტურ, ან პრო-ჩინურ ჯგუფებს აწუხებდეთ ამ კანონპროექტის დამტკიცება. ესაა ძირითადად ორგანიზაციები, რომელთა ფესვებიც ევროპასა და ამერიკაშია. ყველაზე მეტად სწორედ ისინი არიან შეშფოთებულნი. და ვფიქრობ თავისთავად ეს ძალიან საყურადღებოა".

ასევე ნახეთ: USAID-ის წინააღმდეგ თბილისის ბრალდებების ექო რეგიონში

ყოფილი დიპლომატი და რეგიონის მკვლევარი ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ ეს კანონიც, ისევე, როგორც სხვა საკამათო ნაბიჯები უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თავდაჯერების ნაკლებობას უკავშირდება. ჰერბსტი ხსნის, რომ საქართველო "მკაფიო ტრაექტორიით მიდიოდა წინ უფრო გახსნილი საზოგადოებისკენ", დასავლეთთან არა მხოლოდ უფრო ახლო თანამშრომლობის, არამედ - ინტეგრაციისკენ. მაგრამ:

"პოლიტიკური ლიდერების შიშების გამო - და ეს მოიცავს ახლანდელ მმართველ პარტიასაც და სააკაშვილის ბოლო წლებსაც - იყო გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ ტრაექტორიას, არ შეესაბამებოდა დასავლეთთან ინტეგრაციას. ეს ყველაფერი კი იმის შიშით [ხდება], რომ თუკი დაუშვებ გარკვეული დემოკრატიული პრაქტიკის განხორციელებას, მაშინ არჩევნებში დამარცხების რისკს იქმნი. და ეს ტენდენციად იქცა. სამწუხარო ტენდენციად, რომელიც უფრო შესამჩნევი გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

ამერიკის ყოფილ ელჩს უკრაინასა და უზბეკეთში, მიაჩნია, რომ რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ჩამორჩენა “ქართული ოცნებისთვის” ერთგვარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობად, ტვირთად იქცა. და იმის ნაცვლად, რომ გუნდმა პოლიტიკური პრობლემა დემოკრატიული ნაბიჯებით მოაგვაროს, ის საპირისპირო მიმართულებას ირჩევს. სტაჟიანი ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის ახლა ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ მეტად დემოკრატიული პრაქტიკის ხელშეწყობით, შესაძლოა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების უკეთესი შესაძლებლობა მიეცეს.

“რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მცდარი მიმართულებით წავიდა, მაგრამ მათ ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტონ, რომ სჭირდებათ თავიანთი არადემოკრატიული ნაბიჯების, მიდგომის შეცვლა საიმისოდ, რომ აღადგინონ უკეთესი ურთიერთობა ვაშინგტონთან, რომელიც ახლა შედარებით ცუდ ეტაპზეა და მიიღონ ევროკავშირისგან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების მოწვევა. მაგრამ როგორც ჩანს, ისინი მაინც არ არიან მონდომებულნი ეს გააკეთონ, რადგან შიშობენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების გამო", - ხსნის ჯონ ჰერბსტი.

ევროკავშირი, არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის მსგავსად, შემოთავაზებულ კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა არ გამოიყენოს „გამჭვირვალობა“ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შესაზღუდად. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბლოკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

Your browser doesn’t support HTML5

9 აპრილის მარში - კი, ევროპას! არა "რუსულ კანონს"!

დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ "ესაა სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის" კონკრეტულად კი - ამერიკისთვის.

"განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული", -ამბობს დევიდ კრამერი.

ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ერთხმად ამბობენ, რომ ეს არაა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.