უკრაინის პირველი ლედის პრესსამსახური, “ამერიკის ხმასთან” ადასტურებს, რომ ოლენა ზელენსკა, თეთრმა სახლმა ვაშინგტონში, პრეზიდენტის ერისადმი მიმართვაზე დასასწრებად მიიწვია. თუმცა, ზელენსკას პრესსამსახურის განცხადებით, ის ვაშინგტონში ჩამოსვლას, “სამწუხაროდ”, ვერ მოახერხებს.
ასევე ნახეთ: „გამოიყენეთ თქვენი გავლენა“ - უკრაინის პირველი ლედი მსოფლიო ლიდერებს“აშშ-ში უკრაინის საელჩომ, ცოტა ხნის წინ მიიღო უკრაინის პირველი ლედისთვის განკუთვნილი მიწვევა 7 მარტს, პრეზიდენტის ერისადმი მიმართვაზე დასასწრებად. თუმცა, განრიგში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მათ შორის, კიევში დაგეგმილი ბავშვთა სახლის ბავშვების ვიზიტის გამო, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ, პირველი ლედი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ შეძლებს” - განაცხადა “ამერიკის ხმის” უკრაინულ სამსახურთან საუბრისას ტეტიანა ჰაიდუჩენკომ, ოლენა ზელენსკას პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
დილიდან, ამერიკულმა მედიამ, მათ შორის “ვაშინგტონ პოსტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ და ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, უარი თქვეს თეთრი სახლის მიწვევაზე, დასწრებოდნენ 7 მარტს, კონგრესში დაგეგმილ პრეზიდენტის ერისადმი მიმართვას.
გამოცემა ირწმუნება, რომ ნავალნაიას მიწვევამ უკრაინის მხარის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ მისი ქმრის მიმართ უკრაინის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
როგორც The Washington Post-ი წერს, ზელენსკაიას უარის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კიევს არ სურს ვაშინგტონში ასოცირებულ იქნეს ბაიდენთან. უკრაინა აქტიურ ლობისტურ სამუშაოს ეწევა რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლებთან, რათა მათ მოიწონონ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, წერს გაზეთი. ეს ხდება ნოემბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფონზე.
ვიზიტზე უარი თქვა ნავალნაიამაც. მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა ეს იმით ახსნა, რომ ნავალნაიას დასვენება ესაჭიროება ქმრის გარდაცვალებისა და ამასთან დაკავშირებული მოგზაურობების გამო.