რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას ნიკი ჰეილი გამოეთიშა. მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ჰეილიმ ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამერიკის ინტერესებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
52 წლის რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი, პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში დონალდ ტრამპის ერთადერთი კონკურენტი იყო.
ჰეილის საგანგებო განცხადებაში არ უთქვამს, რომ ის მხარს დაუჭერს დონალდ ტრამპს და არ მოუწოდებია საკუთარი მხარდამჭერებისთვის მხარი დაეჭირათ დონალდ ტრამპისთვის. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ჰეილის მხარდამჭერებს დონალდ ტრამპი არ მოსწონთ და მათი დიდი ნაწილი არ აპირებს მას არჩევნებზე ხმა მისცეს.
ჰეილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა საპრეზიდენტო მარათონი, წინ უსწრებდა ე.წ. "სუპერ სამშაბათი", სადაც ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპთან კონკურენციაში დამარცხდა.
ჰეილის ამ გადაწყვეტილებით, თითქმის დარწმუნებით, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება. თუმცა, ეს ოფიციალურად ოფიციალურად, ზაფხულში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება და ეს ბოლო 100 წლის განმავლობაში იქნება პირველი შემთხვევა, როცა ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის, ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები შეერკინებიან.
2020 წლის მსგავსად, სავარაუდოდ, ამერიკის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სწორედ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მოუწევთ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტრამპი ბაიდენთან მიმართებაში ლიდერობს, მათ შორის მერყევ შტატებში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია.
Facebook Forum