პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის ზავი ახლოვდება, - მხარეები ფრთხილობენ

ისრაელმა, „ჰამასმა“ და ყატარის შუამავლებმა, ღაზაში, ზავისკენ მიმავალ პროგრესსთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოხატეს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნას მიღწეული.

„ჰამასი“ ახლა განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რომელიც ისრაელმა გასულ კვირას, პარიზში შუამავლებთან შეათანხმა. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება ხუთთვიანი ომის ყველაზე ხანგრძლივი ზავი, რომელიც ბრძოლას 40 დღით შეაჩერებს.

ასევე ნახეთ: აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ვაშინგტონში ისრაელის სალჩოს წინ თავი დაიწვა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება გულისხმობს „ჰამასის“ მიერ, ზოგიერთი და არა ყველა მძევლის გათავისეუფლებას, ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელის გათავისუფლების, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.

მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აკმაყოფილებს „ჰამასის“ მთავარ მოთხოვნას, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოიცავდეს მკაფიო გზას ომის სამუდამოდ დასრულებისკენ და ისრაელის ჯარების გაყვანისკენ, ან მძევლად მყოფი საბრძოლო ასაკის ისრაელი მამაკაცების ბედის გადაწყვეტას.

სამშაბათს, სატელევიზიო შოუში საუბრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი უკვე დათანხმდა , რამადანისთვის, ღაზაში ბრძოლის შეწყვეტას. რამადანი ორ კვირაში, 10 მარტს იწყება.

„რამადანი ახლოვდება და ისრაელელებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი არ ჩაერთვებიან რაიმე აქტივობებში, რამადანის დროს, რათა მოგვეცეს დრო, რომ ყველა მძევალი გავათავისუფლოთ“, - თქვა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში.

მანამდე, ორშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ იმედოვნებდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 4 მარტამდე იქნებოდა მიღწეული. „ჩემმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მითხრა, რომ ისინი ახლოს არიან. ისინი ახლოს არიან. ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, მომავალ ორშაბათს ჩვენ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მაგრამ ყატარნა, რომელიც მოქმედებდა როგორც მთავარი შუამავალი და ახლა, შეთანხმების პირობების შესასრულებლად, ორივე მხარის დელეგაციებს მასპინძლობს, თქვა, რომ გარღვევა ჯერ კიდევ შორსაა.

"ჩვენ არ გვაქვს საბოლოო შეთანხმება არცერთ საკითხზე, რომელიც აფერხებს შეთანხმების მიღწევას. ჩვენ იმიდეიანად განწყობილნი ვრჩებით, არა იმდენად ოპტიმისტურად განწყობილი, რომ რაიმე განცხადება დღეს ან ხვალ გავაკეთოთ. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რაიმე სახის შეთანხმებას", - განაცხადა მაჯედ ალ ანსარიმ, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

„ჰამასის“ ორმა წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებები ნაადრევი იყო.

ასევე ნახეთ: ისრაელის პრემიერმა ღაზის ომის შემდგომი პერიოდისთვის პირველი ოფიციალური გეგმა გამოაქვეყნა

„ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის ჯარების გაყვანის ძირითადი და მთავარი საკითხები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც აჭიანურებს შეთანხმების მიღწევას“, - ახადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

ისრაელს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ, ისრაელის მედია უცნობ ოფიციალურ პირებს ციტირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები მათთვის მოულოდნელი იყო და არ ესმით, რაზე არის დაფუძნებული, პრეზიდენტის ოპტიმიზმი.

7 ოქტომბერს, აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“, ისრაელს თავს დაესხა. დაჯგუფების წევრებმა მოკლეს 1200 ადამიანი, 253 კი ტყვედ აიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და ღაზაზე შეტევა დაიწყო. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, ომის განმავლობაში, თითქმის 30 000 ადამიანი დაიღუპა.