რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთმა 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

სამშაბათს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, მოსკოვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის და რუსეთის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით უკრაინის მიერ გაშვებული 21 დრონი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ან გზა გადაუჭრეს.

სააგენტო „რიას“ ცნობით, რუსულმა სისტემებმა ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდო.

ასევე ნახეთ: უკრაინამ კურსკის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა

სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე თქვა, რომ ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული სააგენტოების ცნობით, უკრაინის მიერ გაშვებული დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის და ტულის რეგიონების თავზეც ჩამოაგდეს.

კალუგის რეგიონის გუბერნატორმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები ქალაქ კალუგის გარეუბანში, არა საცხოვრებელი შენობების სახურავზე დაეცა, თუმცა დიდი ზიანი ან ადამიანების დაშავება არ მოჰყოლია.

სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. უკრაინის მხრიდან კომენტარები ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.